ავთანდილ ხურციძეს დროებითი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს | Allnews.Ge

ავთანდილ ხურციძეს დროებითი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს

მსოფლიო კრივის ორგანიზაციამ (WBO) ნიუ-იორკში რუსულ მაფიასთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ ქართველ მოკრივეს ავთანდილ ხურციძეს საშუალო წონაში დროებითი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა.

მსოფლიო კრივის ორგანიზაციამ საკუთარი გადაწყვეტილება სპეციალური რეზოლუციით დაადასტურა.

როგორც WBO-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი, ვინაიდან ავთანდილ ხურციძე ვერ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, როგორც WBO-ს დროებითი ჩემპიონი და გაუქმდა დაგეგმილი ორთაბრძოლა,რეზოლუციით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საშუალო წონით კატეგორიაში დროებითი ჩემპიონის ადგილი გათავისუფლდეს.

ავთანდილ ხურციძეს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა ინგლისელ ბილი ჯო სონდერსთან 8 ივლისს უნდა გაემართა, თუმცა ქართველი მოკრივის დაკავების გამო შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო.

ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.