”უარი არ უთხრათ გამოწვევებს, როგორიც საშიშიც არ უნდა იყოს ისინი”-ქართველი სტუდენტები საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ | Allnews.Ge

”უარი არ უთხრათ გამოწვევებს, როგორიც საშიშიც არ უნდა იყოს ისინი”-ქართველი სტუდენტები საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ

საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველებს, რომელთაც დაფინანსების მოპოვება სურთ, სახელმწიფო კონკურსის წესით არჩევს, შემდეგ კი უცხოეთში განათლების მიღებას უფინანსებს. რამდენიმე ათეული ასეთი სტუდენტი საქართველოში უკვე დაბრუნდა. ჩვენ მათ საკუთარი გამოცდილების გაზიარება ვთხოვეთ.

ელენე ხუნდაძეს "განათლების საერთაშორისო ცენტრმა" "ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში (UCL) ქალაქის დაგეგმარების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა სრულად დაუფინანსა. მან დაფინანსების მოსაპოვებლად რამდენიმე შესარჩევი ეტაპი გაიარა, საბოლოოდ კი, გასაუბრებაზე, არასამთავრობო სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა, საკუთარი კრიტიკული ხედვები გაუზიარა და შედეგად, სწავლა ლონდონში გააგრძელა.

"როცა ჩვენი განათლების სისტემიდან მიდიხარ და უცხოენოვან უნივერსიტეტში სწავლობ, ადგილობრივი სტუდენტებისგან განსხვავებით ორმაგი და სამმაგი მუშაობა გიწევს. იქ სწავლის პროცესი სხვანაირია, მაგალითად, თუ ჩვენს უნივერსიტეტებში დასაზეპირებლად სამ გვერდს გვაძლევდნენ, იქ ერთი საღამოსთვის, წასაკითხად და გასაანალიზებლად 20 სტატია გვქონდა. თავიდან მეცადინეობაში ბევრ დროს ვხარჯავდი, მაგრამ მერე ეჩვევი, განსაკუთრებით როცა კარგი ხელმძღვანელები გყავს.

გარდა ამისა, ლონდონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, საცხოვრებლის ხელმისაწვდომ ფასად ნახვაა.

სწავლა და პარალელურად ბინის მოძიება ძალიან რთული იყო, სწორედ ამიტომ სამი საცხოვრებელი გამოვიცვალე,". რაც შეეხება თანაკურსელებთან კომუნიკაციას ელენე აღნიშნავს, რომ სტუდენტები ძირითადად, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან და ერთნაირი პრობლემები აქვთ, რაც ერთმანეთთან კიდევ უფრო აახლოებთ.

"თუ გახსნილი და ლიბერალი ხარ, მაშინ კომუნიკაციის დამყარება და ადაპტაცია პრობლემა არ არის.

თუ სტიგმებით წახვედი, რაც სამწუხაროდ, ხშირად გვჩვევია, მაშინ შეიძლება, გაგიჭირდეს."

საცხოვრებელთან დაკავშირებული სირთულეები "გრონიგენის უნივერსიტეტის" საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისას ნიკა მელქაძესაც შეექმნა.

"უცხოეთში სწავლას თავიდან გარკვეული დისკომფორტი ახლავს.

ჩემი მაგალითი რომ ავიღოთ, ჰოლანდიელი ხალხი ძალიან ზრდილობიანი და კეთილგანწყობილია, თუმცა მათთან დამეგობრება საკმაოდ რთულია. თავიდან რამდენიმე ქართველი სტუდენტი გავიცანი, მერე უცხოელებსაც დავუმეგობრდი," - ისხენებს ნიკა მელქაძე, რომელსაც სახელმწიფომ სწავლის საფასური ნაწილობრივ დაუფინანსა. ნიკას თქმით, უნივერსიტეტამდე მისასვლელად 8-10 კილომეტრი ველოსიპედით უნდა გაევლო, რასაც თბილისში შეჩვეული არ იყო.

"ნებისმიერ უცხო ქვეყანაში სწავლას ახლავს სირთულეები, თუმცა შემდეგ ეჩვევი, მეგობრებსაც იჩენ და მოგვიანებით, ჩამოსვლაც კი გიჭირს. ვინც ახლა აპირებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას, ვურჩევ, რომ მხოლოდ ლექციებით არ შემოიფარგლოს, უნივერსიტეტებში ყოველთვის არის სტუდენტური ორგანიზაციები, რომლებთანაც უნდა ითანამშრომლოთ. მაგალითად, მე იურისტთა ასოციაციის საქმიანობაში აქტიურად ვიყავი ჩართული, რაც დამატებითი უნარების შეძენაში ძალიან დამეხმარა," - განმარტავს ის და დასძენს, რომ საკუთარი ოჯახისა და გარემოს გარეშე ცხოვრება დამოუკიდებლობის შეგძნების ჩამოყალიბებასა და ფინანსების უკეთ განკარგვაშიც გეხმარება.

პროგრამის მონაწილე ასევე დასძენს, რომ საკვების მუდმივად შეძენა ძვირი უჯდებოდა, ამიტომ ხშირ შემთხვევაში სახლში ამზადებდა (რაც ასევე დამატებითი უნარების შეძენაშიც დაეხმარა).

საზღვარგარეთ სწავლის დროს დამოუკიდებლობლად ცხოვრებისთვის შეგუებაზე "განათლების საერთაშორისო ცენტრის" პირველი ნაკადის მონაწილე, ლევან ლომჯარიაც საუბრობს. მას სახელმწიფომ "სარაევოს კინოაკადემიაში" სარეჟისორო ფაკულტეტის სწავლის საფასური, 20 000 ევროს ოდენობით დაუფინანსა. ლევანს სამსახურისა და ოჯახის დატოვება უჭირდა, თუმცა პროგრამაში ჩართვა მაინც გადაწყვიტა.

"უნივერსიტეტში სწავლის პროცესთან ადაპტირება თავიდან ცოტა გამიჭირდა, რადგან იქ გაცილებით მაღალი მოთხოვნებია, ვიდრე საქართველოში. გარემო გაძლევს საშუალებას წარმატებული სტუდენტი იყო, რადგან ისეთ კონკურენციასთან გაქვს საქმე, რომ სიზარმაცე საკუთარ თავთან სირცხვილი იქნებოდა. თანაკურსელებმა თანდათან გავიცანით ერთმანეთი, ერთად ვიღებდით მოკლემეტრაჟიან ფილმებს, ვეცნობოდით ქალაქს, ჯგუფურად ვმუშაობდით და შესაძლებლობებს მაქსიმალურად ვიყენებდით" - იხსენებს ლევანი და აღნიშნავს, რომ თანაჯგუფელებთან დღემდე ახლო ურთიერთობა აქვს.

"მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყანაში წასვლისა და ახალ ცხოვრებასთან შეჯახების, პროგრამის ყველა მონაწილეს გვეშინოდა, მივხვდით, რომ ეს გამოწვევები გაზრდის, განვითარებისა და პროგრესისთვის იყო საჭირო. უარი არ უთხრათ გამოწვევებს, როგორი საშიშიც არ უნდა იყოს ისინი".

თუმცა, დაფინანსების მოპოვებისა და უცხოეთში განათლების მიღების შემდეგ, ვალდებული იქნებით, საქართველოში დაბრუნდეთ და თქვენი ცოდნა და გამოცდილება ქვეყნის კეთილდღეობისთვის გამოიყენოთ, რადგან პროგრამის მიზანიც სწორედ ეს არის.

 

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz