რას ითვალისწინებს "ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები | Allnews.Ge

რას ითვალისწინებს "ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები

პარლამენტმა "ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებები დაამტკიცა. კერძოდ, განისაზღვრა ჯგუფებში ბავშვთა მაქსიმალური რაოდენობა და აღმზრდელ-პედაგოგებისა და აღმზრდელების თანაფარდობა.

კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ბაგა-ბაღებმა ჯგუფები შემდეგი რაოდენობით უნდა დააკომპლექტონ:

1. 2-დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში არაუმეტეს 25 ბავშვისა;

2. 3-4 წლამდე ბავშვების ჯგუფში არაუმეტეს 30 ბავშვისა;

3. 4-დან 5 წლამდე ჯგუფში არაუმეტეს 30 ბავშვისა.

რაც შეეხება ჯგუფებში აღმზრდელ-პედაგოგების რაოდენობას ბავშვებთან თანაფარდობით, ის შემდეგნაირად განისაზღვრა:

1. 2-დან 3 წლამდე ბავშვების შემთხვევაში აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის ბავშვთან თანაფარდობა უნდა იყოს 1:13;

2. 3-დან 4 წლამდე ბავშვების შემთხვევაში აღმზრდელ-პედაგოგის ბავშვთან თანაფარდობა უნდა იყოს 1:15;

3. 4-დან 5 წლამდე ბავშვების შემთხვევაში აღმზრდელ-პედაგოგის ბავშვთან თანაფარდობა უნდა იყოს 1:15;

4. სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფში აღმზრდელ/პედაგოგის ბავშვთან თანაფარდობა უნდა კი 1:15 უნდა იყოს.

ინიციატივა აღნიშნული ცვლილებების შესახებ "ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის" ხელმძღვანელს, ეკა ბესელიას ეკუთვნის. მისი განმარტებით, პროექტზე მუშაობა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს განათლების სფეროს უპრეცედენტო რეფორმაა.

"პროექტი ბაგა-ბაღებში ბავშვებს საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობის და შესაბამისი განათლების მიღების საშუალებას მისცემს, როგორც ეს წამყვან განვითარებულ სახელმწიფოებში ხდება," – აღნიშნავს ეკა ბესელია.

"ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს" ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას ინფორმაციით, ჯგუფებში ბავშვების რაოდენობის განსაზღვრისა და აღმზრდელ-პედაგოგებისა და აღსაზრდელების თანაფარდობის შესახებ ცვლილებები ძალაში 2020 წლიდან შევა, ხოლო კანონპროექტის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც ჯგუფების ჩამოყალიბებას ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით გულისხმობს, დაახლოებით ერთ წელიწადში ამოქმედდება.

"ცვლილებებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტები და ნორმატიული აქტები 2017 წლის პირველ ოქტომბრამდე უნდა შევიდეს ძალაში, რის შემდეგაც შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ბაღების მშენებლობა დაიწყება, რათა 2020 წლისთვის მიღებული კანონი ამოქმედდეს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები და კონკრეტულად 8 ახალი ბაღის მშენებლობა ახლაც მიმდინარეობს. ეს მიმართულია იმისკენ, რომ ეტაპობრივად მოხდეს ჯგუფების განტირთვა, რაც 2020 წლისათვის მიგვიყვანს აღმზრდელებისა და ბავშვების იმ თანაფარდობამდე, რასაც კანონი ითვალისწინებს," - განმარტავს თემურ თორდინავა.

კანონის მიხედვით, ბაღების მიერ ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა და მისი ვადა 4 წელს შეადგენს. განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ცვლილებები გამოიწვევს ხარჯებს რომელთა დაფინანსების წყარო როგორც ქვეყნის ბიუჯეტი, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტები იქნება.

კანონპროექტში არსებული ნაწილის განხილვა, რომელიც ჯგუფების ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ჩამოყალიბებას გულისხმობს, 2018 წლისთვის გადაიდო.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz