ძლიერმა სეტყვამ რუსთავში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ფანჯრები ჩაამსხვრია | Allnews.Ge

ძლიერმა სეტყვამ რუსთავში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ფანჯრები ჩაამსხვრია

ძლიერი წვიმის, სეტყვისა და ქარის გამო რუსთავის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ქვესადგურ „გაჩიანი-2“-ის ავარიულად გათიშვის შედეგად ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი მე-11, მე-12-ე, მე-17-ე და მე-19-ე მიკრორაიონების მოსახლეობა.

ძლიერი ნალექის გამო ქალაქის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. იაღლუჯის მთიდან ჩამოსული წვიმის წყალი შარტავსა და მეგობრობის გამზირზე, ასევე მესხიშვილის ქუჩაზე დაგროვდა, რამაც ტრანსპორტის გადადგილების პრობლემა შექმნა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ ხანძარსაწინააღმდეგო მანქანები, სამაშველო და რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურები. ამ დროისთვის ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულადაა აღდგენილი და ქუჩები გაწმენდილია. ძლიერმა სეტყვამ რამდენიმე მისამართზე საცხოვრებელი სახლების ფანჯრებიც ჩაამსხვრია.

გზების გაწმენდით სამუშაოებს თვალყურს რუსთავის მერი დავით ჯიქია ადვენებდა. "სეტყვა და ძლიერი წვიმა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ქალაქში რამდენიმე ადგილზე დაგროვდა წვიმის წყალი, ავტომატურად მოხდა ჭების მოხსნა და წყლის გატარება. ზოგადად, სანიაღვრე სისტემებმა, რომლებიც 2015 წელს დამონტაჟდა, კარგად იმუშავა და ფაქტობრივად ქალაქში, სადაც რთული წერტილები იყო, წყალი არ შემოსულა. ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაციის მიხედვით, დღეს და ხვალ უკვე გვეცოდინება სახურავების მიმართულებით სადმე თუ გვაქვს ზარალი და როგორია სიტუაცია. ძლიერმა სეტყვამ მოსახლეობის ავტომანქანებიც დააზიანა, ჩაამტვრია საქარე მინები", - განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.

რუსთავის მერიაში არსებული სპეციალური კომისია სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დილიდან შეისწავლის.

myquiz