"განათლების საერთაშორისო ცენტრის" ხელმძღვანელის რჩევები მათ, ვისაც სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება სურთ | Allnews.Ge

"განათლების საერთაშორისო ცენტრის" ხელმძღვანელის რჩევები მათ, ვისაც სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება სურთ

თუ სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ გსურთ, "განათლების საერთაშორისო ცენტრს" უნდა მიმართოთ, სადაც დაფინანსების მოპოვების საშუალება მოგეცემათ. თუმცა, ცენტრს მას შემდეგ უნდა მიაკითხოთ, რაც სასურველი უნივერსიტეტისგან მიღების შესახებ მიიღებთ თანხმობას. დაფინანსების მოპოვებისა და უცხოეთში განათლების მიღების შემდეგ, ვალდებული იქნებით საქართველოში დაბრუნდეთ და თქვენი ცოდნა და გამოცდილება ქვეყნის კეთილდღეობისთვის გამოიყენოთ, რადგან პროგრამის მიზანიც სწორედ ეს არის.

"განათლების საერთაშორისო ცენტრის" ინფორმაციით, ამჟამად, პროგრამები 250-მდე სპეციალობას მოიცავს, თუმცა უპირატესობა ძირითადად, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ინჟინერიას, არქიტექტურას და მსგავს მიმართულებებს ენიჭება. ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ჭელიძე Allnews.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ საქართველოს საფრანგეთთან და უნგრეთთან სპეციალური შეთანხმება აქვს დადებული, რომლის საფუძველზეც შერჩეულ აპლიკანტებს ჩვენი ქვეყანა აფინანსებს, უნივერსიტეტში ჩარიცხვაში კი აღნიშნული სახელმწიფოები ეხმარებიან.

"სტუდენტები უპირატესობას ძირითადად, რამდენიმე ქვეყანას ანიჭებს, ესენია დიდი ბრიტანეთი, რომელზეც აპლიკანტთა 40-45% მოდის ხოლმე, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი, იტალია," - განმარტავს ნინო ჭელიძე.

შერჩეული აპლიკანტების დაფინანსების წესი სამი ტიპისაა:

პირველ შემთხვევაში სახელმწიფო მხოლოდ საცხოვრებლის, მეორე შემთხვევაში მხოლოდ უნივერსიტეტში სწავლის საფასურს და მესამე შემთხვევაში ორივე მათგანს დაგიფინანსებთ. რაც შეეხება თანხას, "განათლების საერთაშორისო ცენტრის" ხელმძღვანელის თქმით, მისი ზღვარი დაწესებული არ არის.

"სტუდენტებს საშუალოდ 50 000 ლარით ვაფინანსებთ, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც უფრო ძვირადღირებული უნივერსიტეტის საფასურის გადახდის გადაწყვეტილებაც მიგვიღია. გარდა ამისა, ისევე როგორც ყველა სასტიპენდიო პროგრამაში, სამაგისტრო პროგრამაზე ასაკობრივ ზღვრად 35 წელია დადგენილი, სადოქტორო პროგრამას კი ასეთი შეზღუდვა არ აქვს".

ნინო ჭელიძის თქმით, საფუძველი ახალ პროგრამასაც ჩაეყარა, რომელიც ხელოვნების განვითარებას ემსახურება. კერძოდ, პროგრამა სწავლის საფასურს დაგიფინანსებთ, თუ რესტავრატორის, კონსერვაციისა და მსგავს მიმართულებებს აირჩევთ.

"ასევე გვაქვს "საუნივერსიტეტო მხარდამჭერი პროგრამა" რომლის მიზანიც, ჩვენი კადრების უცხოეთში განათლების მისაღებად გაგზავნა, შემდეგ საბრუნება და შერჩეულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში დასაქმებაა. ზოგადად, პროგრამებზე აპლიკანტებს მხოლოდ საჯარო სექტორში დასაქმების კრიტერიუმით ვარჩევდით, ახლა ეს მიდგომა შეიცვალა და მათ სურვილისამებრ, საჯარო სექტორში დასაქმებაც შეუძლიათ," - დასძინა ცენტრის ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება პროგრამაში ჩართვის პროცედურებს, ის სამ ეტაპს მოიცავს, რომლის პროცესშიც მაქსიმუმ 100 ქულა უნდა დააგროვოთ:

1. თქვენ მიერ "განათლების საერთაშორისო ცენტრის" ვებგვერდზე შევსებული ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული შემოწმება და დაზუსტება. (არასრულად შევსებული განაცხადი არ განიხილება).

თავდაპირველად, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თქვენი რეზიუმე, სამოტივაციო წერილი, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო პროგრამაზე უპირობო ჩარიცხვის წერილი, ბაკალავრის დიპლომი, საყოფაცხოვრებო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნილი თანხის ოდენობა, სამუშაო გამოცდილების ოფიციალური დამადასტურებელი დოკუმენტები და საჭიროებისამებრ სხვა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ.

2. ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება, რის საფუძველზეც მაქსიმუმ 50 ქულის დაგროვება შეგიძლიათ.

3. გასაუბრება, რომელსაც სპეციალური კომისია ახორციელებს. (იმ შემთხვევაში თუ საქართველოში არ იმყოფებით მისი ჩატარება "სკაიპის" მეშვეობითაც არის შესაძლებელი). გასაუბრებისას მაქსიმუმ 50 ქულის დაგროვება შეგიძლიათ, ხოლო თუ სოციალურად დაუცველის, სპეციალური საჭიროების მქონე პირის ან იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი გაქვთ, მაქსიმუმ სამი ქულა გემატებათ (ერთი სტატუსისთვის 1 ქულა).

ნინო ჭელიძის განმარტებით, კომისიის წევრებს, რომლებიც აპლიკაციებს განიხილავენ, დაინტერესებულ პირთა ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და პირველი ეტაპის გადალახვის შემდეგ, მათ იდენტიფიცირებას მხოლოდ გასაუბრებაზე ახდენენ.

"კონკურსის დასრულებისას ჯამდება მეორე და მესამე ეტაპზე დაგროვილი საშუალო ქულები, რის საფუძველზეც, კონკურსის საბოლოო შედეგი ვლინდება".

ცენტრის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ პროგრამაში ჩართული პირველი ნაკადი, რომელიც საქართველოში დაბრუნდა, საჯარო სექტორში სრულად დასაქმდა, ხოლო მეორე ნაკადის ნაწილი კერძო სექტორში გადანაწილდა.

იმ შემთხვევაში, თუ პირობას დაარღვევთ და საქართველოში არ დაბრუნდებით, ვალდებული იქნებით სწავლისა და ცხოვრების ხარჯები სახელმწიფოს უკან დაუბრუნოთ.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz