როდის და როგორ უნდა მივირთვათ ხილი, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენოთ - ენდოკრინოლოგის რჩევები | Allnews.Ge

როდის და როგორ უნდა მივირთვათ ხილი, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენოთ - ენდოკრინოლოგის რჩევები

ზაფხულში ბევრი ჩვენგანის ძირითადი საკვები ხილია. რომელი ხილი რა რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს და დღის რა მონაკვეთშია მისი მიღება უმჯობესი, ამ საკითხზე Allnews.ge ენდოკრინოლოგ ქეთევან ტაბატაძეს ესაუბრა.

ექიმის თქმით, ყოველთვის უმჯობესია, სეზონური ხილით ვიკვებოთ. მაგალითად, ზამთარში მარწყვის მიღება რეკომენდებული არ არის.

"ზაფხულში შეგვიძლია ბალი, ალუბალი, მარწყვი, საზამთრო და ნესვი მივირთვათ, თუმცა ცხადია, გარკვეული შეზღუდვები არსებობს.

მაგალითად, სახეობები, რომლებიც დიდი რაოდენობით ფრუქტოზას შეიცავენ, დიაბეტის ქონის შემთხვევაში რაციონიდან სრულიად უნდა ამოვიღოთ და თუ ეს პრობლემა არ გვაწუხებს, მცირე ულუფებად მივიღოთ. ეს ხილია: ყურძენი, კარალიოკი, ბროწეული, თუთა, ფინიკი, ლეღვი და ბანანი. ეს სახეობები მოსანელებლად მძიმეა და ხელს წონაში მატებასაც უწყობს," - განმარტავს ის.

მოსანელებლად და ორგანიზმისთვის შედარებით მსუბუქია საზამთრო, ნესვი, ბალი, ალუბალი და მარწყვი, თუმცა ენდოკრინოლოგი გვირჩევს, რომ მათი ულუფები დღეში ნახევარ კილოგრამზე მეტი არ იყოს.

"დიდი რაოდენობით საზამთროს მიღებაც კი არაა რეკომენდებული, რადგან ის ფრუქტოზასა და ნიტრატებს შეიცავს, რაც ორგანიზმისთვის ადვილადშეწოვადია და უმჯობესია, თუ ნორმის ფარგლებში მივიღებთ" - აღნიშნავს ენდოკრილოგი.

ქეთევან ტაბატაძის თქმით, თუ ჭარბი წონა გვაწუხებს დღის მეორე ნახევარში ხილის მიღება სასურველი არ არის.

"ჯობს სხვადასხვა ტიპის ხილი 3 საათამდე მივირთვათ. თუმცა, იმ შემთხვევაში, წონის პრობლემა არ გვაწუხებს, მსგავსი შეზღუდვა საჭირო არ არის

ენდოკრინოლოგი ხილის მიღების წესებთან დაკავშირებით ზოგად რეკომენდაციებსაც გვაძლევს.

"ხილის მიღება კვების შემდეგ რეკომენდებული არაა. უმჯობესია კვებამდე მივირთვათ, რადგან ხილის მონელება, ასე უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე სადილის შემდეგ. შესაბამისად, ულუფაზე ხილის დამატებით, ნივთიერებათა ცვლაზე უარყოფით ზეგავლენას ვახდენთ. კერძოდ, დიდი ალბათობაა, რომ მანამდე მიღებული ძირითადი სადილის სრულფასოვნად გადამუშავება არ მოხდეს, ამიტომ ულუფის მიღებიდან ნახევარი საათი მაინც აუცილებლად უნდა იყოს გასული, რომ ხილი მივირთვათ" - გვირჩევს მედიკოსი.

ავტორი: მარიამ მენაბდიშვილი

myquiz