უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორი რუსთავში გველების გამოჩენის შესახებ საუბრობს
რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორი, დავით ბეგაშვილი მე-18 მიკრო რაიონის ტერიტორიაზე გიურზას დაფიქსირების ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ადგილზე გასულ ჰერპეტოლოგთა ჯგუფს, ტერიტორიაზე მოსახლეობის მიერ მოკლული წყლის ანკარა დახვდათ, რომელიც შხამიანი არ არის.
"ცხელ ხაზზე მოსახლეობიდან ინფორმაცია შევიდა, იმის თაობაზე რომ ერთ-ერთ უბანში გიურზა ნახეს. მე-18 მიკრო რაიონში ჰერპეტოლოგთა ჯგუფი გავიდა, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე გიურზას დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა, ეს იყო წყლის ანკარა, რომელიც აბსოლიტურად უვნებელია და ის შხამიანი არ არის.
ქვეწარმავლის დაფიქსირების შესახებ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სულ 5 შეტყობინება შემოვიდა, ზოგ შემთხვევაში ჰერპეტოლოგებმა საერთოდ ვერ ნახეს ტერიტორიაზე ქვეწარმავალი, ზოგ შემთხვევაში კი ეს გველხოკელა ან ანკარა იყო, რომლებიც შხამიანები არ არიან. ქალაქში ამ დროისთვის გიურზას დაფიქსირების არც ერთი შემთხვევა არ გვქონია", - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.