რა სურთ ბავშვებს? | Allnews.Ge

რა სურთ ბავშვებს?

"ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც (მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს)" - ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. უფროსები ბავშვებს რჩევებს ხშირად ვაძლევთ, გვსურს, ისე მოიქცნენ, როგორც ჩვენ გვინდა და ხანდახან მათ სურვილებს უგულებელვყოფთ, რის შედეგადაც მათთან აქტიურ კომუნიკაციას ვკარგავთ. როგორ სურთ, რომ მშობლები და მასწავლებლები მოექცნენ, რა მოსწონთ და არ მოსწონთ მათ ქმედებებში, როგორ ურთიერთობებს ისურვებდნენ უფროსებთან - ეს შეკითხვები ჩვენ 8-15 წლის ბავშვებს დავუსვით, მათ უმეტესობას კი იდენტური სურვილები და რეკომენდაციები აღმოაჩნდა.

ბავშვებს მოსწონთ, როდესაც მშობლები მათთან ერთან თამაშობენ, ერთობიან, ესაუბრებიან, უსმენენ. ასევე დაბალი ნიშნის მიღების შემთხვევაში ჩხუბის ნაცვლად, მშვიდად აუხსნან, რა პრობლემების მოტანა შეუძლია დაბალ აკადემიურ მოსწრებას.

"უნდა დაფიქრდნენ, რაში ვართ დამნაშავეები, რაში არა და ამის შემდეგ გაბრაზდნენ".

ბავშვებს არ მოსწონთ, როდესაც მშობლები ეზოში უფრო მეტი დროის გატარებისა და მეგობრებთან ერთად ყოფნის საშუალებას არ აძლევენ და ზედმეტად ნერვიულობენ, უყვირიან, მათთან გახსნილები და კომუნიკაბელურები არ არიან.

"რაც მთავარია, ბავშვებიც ისე უნდა მოვიქცეთ, რომ მშობლები გვენდონ და ჩვენი იმედი ჰქონდეთ,"- განმარტავენ 8 წლის ანი და 11 წლის ნიკოლოზი.

ბავშვები, რომელთან ჩვენ ვესაუბრეთ, მშობლებისგან არამხოლოდ მეტ თავისუფლებას, არამედ ყურადღებასაც ითხოვდნენ.

რაც შეეხება მასწავლებლებს, ყველა ბავშვი აღნიშნავს, რომ სურთ, ისინი უფრო მეგობრულები იყვნენ და ნაკლები სიმკაცრე გამოიჩინონ, რაც ძირითადად, ყვირილში, დასჯასა და ნივთების წართმევაში გამოიხატება ხოლმე. ბავშვებს ასევე სურთ, რომ მათი მასწავლებლები უფრო პოზიტიურები და კეთილგანწყობილები გახდნენ.

მათი თქმით, მასწავლებლებს ბავშვების მიმართ ხშირად სტერეოტიპული დამოკიდებულებაც აქვთ.

"ჩემთვის იდეალური მასწავლებელი არ ჩხუბობს, რადგან ეს ბავშვების ფსიქიკას აფუჭებს".

ბავშვების სურვილების, მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მოსმენა შემდეგ ბმულებზე შეგიძლიათ:

გაინტერესებთ, რას ელიან ბავშვები მშობლებისგან?

როგორ მოვექცეთ ბავშვს, რომ მას ჩვენ მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდეს და გვენდოს?

ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძის თქმით, ოჯახში ბავშვის, როგორც პერსონის აღიარება უნდა მოხდეს, რათა მან თავი პიროვნებად იგრძნოს, თუმცა ქართულ ოჯახებში ასეთი ტენდენცია იშვიათია, რადგან მშობლები შვილზე ჭარბად ზრუნავენ და გადაწყვეტილებებს მის ნაცვლად იღებენ. "მშობლმა ბავშვს გადაწყვეტილებების მიღების საშუალება უნდა მისცეს, რომ მან თავი პიროვნებად იგრძნოს," - დასძენს ფსიქოლოგი.

როდესაც ბავშვი მცირეწლოვანია, ჯერ სოციალიზაციის პროცესის გავლა უწევს და საზოგადოებრივ ნორმებსა და ქცევებს ითვისებს, მან უნდა ისწავლოს თავშეკავება, რაღაცებზე უარის თქმა, დათანხმება, ამიტომ ფსიქოლოგის თქმით, ის აკვირდება, სხვები როგორ იქცევიან.

"ბავშვს ხმამაღლა და ყვირილით არ უნდა ვესაუბროთ, რადგან ერთადერთი, რასაც ამ დროს მივაღწევთ ეს მისი შეშინებაა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ნეგატიური ემოციებისგან სრულად უნდა დავიცვათ. თუ ბავშვს მხოლოდ დადებითი ემოციებით აღვზრდით და გამუდმებით პოზიტიურ გარემოში იქნება, როდესაც გაიზრდება, მიხვდება, რომ ცხოვრება ასეთი არ არის და ნეგატიურ ემოციებს სამსახურში, უნივერსიტეტში ან სხვაგან მიიღებს, რაც მისთვის გაცილებით უფრო მეტი სტრესი იქნება, ასე რომ ნეგატიურ ემოციებთან ადაპტირებაც საჭიროა," - განმარტავს ის და დასძენს, რომ ბავშვებსზოგჯერ  მოთხოვნებზე უარი უნდა ვუთხრათ, რომელსაც შემდეგ დავუსაბუთებთ.

ზურაბ მხეიძის თქმით, ბავშვისთვის რეალური შეფასებების მიცემა ძალან მნიშვნელოვანია, რაც მის თვითშეფასებაზე აისახება, რადგან გადაჭარბებული მოლოდინები მომავალში პრობლემებს შეუქმნის. განვითარების მომდევნო ეტაპზე კი ბავშვს სხვა ინტერესებიც უჩნდება.

"დაახლოებით, 12-14 წლის ასაკის ბავშვებში მნიშვნელოვანი არამხოლოდ მშობლისა და მასწავლებლის, არამედ თანატოლების შეფასებებია. მას უკვე თავისი სტატუსი აინტერესებს, თუ რამდენად აღიარებულია სოციუმში. ამის მოპოვებისთვის ის ხშირად მშობელთან ურთიერთობას ძაბავს. სწორედ ამიტომ ამბობენ ამ ასაკში მშობლები, "რა კარგი იყო, პატარა ყველაფერს რომ მიჯერებდა და ახლა ნეტავ რა მოუვიდა..." ასეთ შემთხვევებში ჩხუბს აზრი არ აქვს, კომუნიკაციას შეგვიძლია შეთანხმების საფუძველზე მივაღწიოთ. მაგალითად, როდესაც ბავშვს უთანხმდებით, თუ სემესტრს კარგ ნიშნებზე დაამთავრებს, მაშინ გასართობად წაიყვან და ის პირობას არღვევს, შეგიძლია, დაპირებული აღარ შეუსრულოთ და აუხსნათ, თუ რატომ იქცევით ასე.

თუ შვილთან ურთიერთობას კონტრაქტის ფორმას მივცემთ, მაშინ მასთან კომუნიკაცია ყოველთვის შენარჩუნებული გვექნება, ასევე ვაღიარებთ, როგორც პიროვნებას და პასუხისმგებლობის განცდაც ექნება," - განმარტავს ფსიქოლოგი და დასძენს, რომ ამ დროს ბავშვი კი არ ითრგუნება, არამედ თავს მნიშვნელოვან ფიგურად გრძნობს.

ზურაბ მხეიძე ასევე გვირჩევს, რომ მშობლებმა ცხოვრების აჩქარებული ტემპის, დაღლილობისა და სტრესის მიუხედავად, შვილებისთვის დრო გამონახონ, საკუთარ ინტერესებზე ესაუბრონ, მათი მოსაზრებები გაითვალისწინონ, სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთონ, პრობლემები ერთად განიხილონ და გადაჭრან, რაც სრულფასოვანი კომუნიკაციის გარანტია.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz