რას წერდა აფგან მუხთარლი ალიევების ბიზნესზე საქართველოში | Allnews.Ge

რას წერდა აფგან მუხთარლი ალიევების ბიზნესზე საქართველოში

აზერბაიჯანელ ჟურნალისტსა და აქტივისტს აფგან მუხთარლის, რომელიც თბილისში გაუჩინარდა და რამდენიმე საათში აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების ხელში აღმოჩნდა, ბაქოს საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას თქმით, მუხთარლის დაკავების მიზეზი მისი ჟურნალისტური საქმიანობა გახდა.

მუსტაფაევა ამბობს, რომ ბოლო დროს, მუხთარლი საქართველოში ალიევების ოჯახის წევრების ბიზნეს-ინტერესებს იკვლევდა. რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიება ამ თემაზე მას წარსულშიც აქვს ჩატარებული, ერთ-ერთი ასეთი გამოძიების შედეგები სათაურით "ალიევების ბიზნესი საქართველოში" 2015 წელს გამოცემა meydan.tv-მ გამოაქვეყნა.

დაახლოებით წელიწადნახვერის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში რამდენიმე ბიზნეს-ობიექტზეა საუბარი. ერთ-ერთი მათგანი თბილისური სასტუმრო Tiflis Palace-ია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, სასტუმრო კომპანია "გლორიას" ეკუთვნის. მანამდე სასტუმრო შპს "ძველი თბილისის" საკუთრებაში იყო. 2009 წლის 24 დეკემბერს, ისრაელის მოქალაქე აკაკი გორიალაშვილმა შპს "ძველი თბილისი" აზერბაიჯანის მოქალაქე ილჰამ ასადოვს მიჰყიდა.

2010 წლის 10 თებერვალს, ასადოვმა შპს "ძველი თბილისი" გააუქმა და მის ნაცვლად, შპს SW-INN დააფუძნა. 10 დღეში მან შპს SW-INN-ის აქციები მალაჰათ ასკეროვას (35%), ჯამილა ასკეროვას (35%) და სანან ახუნდოვს (30%) გადასცა. მალაჰათ და ჯამილა ასკეროვები "აზერბაიჯანის ავიახაზების" (AZAL) პრეზიდენტის, ჯაჰანგირ ასკეროვის ქალიშვილები არიან. მათ ასევე აქვთ წილები ჰოლდინგ "აბრეშუმის გზაში", რომლის ერთ-ერთი მეწილე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ქალიშვილი არზუ ალიევაა. სანან ახუნდოვი კი ჰოლდინგ "აბრეშუმის გზის" პრეზიდენტი და აზერბაიჯანის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო ადმინისტრაციის გამგეობის წევრია.

2011 წლის 11 მაისს, საკუთარი 30%-იანი წილი SW-INN-ში სანან ახუნდოვმა ზარიფა ჰამზაევას მიჰყიდა, რომელიც ჰოლდინგ "აბრეშუმის გზის" აქციონერი და ზემოხსენებული ჯაჰანგირ ასკეროვის მეუღლეა.

2012 წლის 1 მარტს მაროკოს მოქალაქე, ჯავად დბილა SW-INN-ის დირექტორად დაინიშნა. დბილა ჰოლდინგ "აბრეშუმის გზის" ერთ-ერთი დამფუძნებელია. ამჟამად, ჰოლდინგი არზუ ალიევას ეკუთვნის. დბილა კი 2014 წლის 31 მაისს, ილჰამ ალიევმა "სამოქალაქო ავიაციის სფეროში მიღწევებისთვის" მედლით დააჯილდოვა.

Gazelli Hotel

აფგან მუხთარლის სტატიაში აღნიშნულია, რომ SW-INN-ის აქტივები მხოლოდ თბილისით არ შემოიფარგლება. 2011 წლის 17 ივნისს, ჯაჰანგირ ასკეროვის მეუღლემ, ზარიფა ჰამზაევამ 1 ლარად ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე 999 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწა შეიძინა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, ზარიფა ჰამზაევას ამ მიწაზე სასტუმრო Gazelli-ს მშენებლობა და საქართველოს მოქალაქეების დასაქმება ევალებოდა. მაგრამ 2012 წლის 12 ოქტომბერს ბაქოში გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მიწა SW-INN-ის მფლობელობაში გადავიდა.

2013 წლის 19 ივნისს, SW-INN-ის გამგეობამ კომპანიას სახელი გადაარქვა. ასე გაჩნდა შპს "გლორია", წილები მის აქციონერებს შორის კი ასე გადანაწილდა:

მალაჰათ ასკეროვა - 24,62%

ჯამილა ასკეროვა - 24,62%

ზარიფა ჰამზაევა - 57,76%.

ამჟამად ხიმშიაშვილის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა გადასული.

მომზადებულია meydan.tv-ის მიხედვით

myquiz