საქართველოში ბავშვისთვის ყურის აწევა და სხვა სახის ფიზიკური დასჯა გამოკითხულ მშობელთა 18%-სთვის მისაღებია
CRRC-საქართველოს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 18 პროცენტისთვის ბავშვის ფიზიკური დასჯის რომელიმე ფორმა მისაღებია, მათ შორის, შეჯანჯღარება ან ჩქმეტა, ხელით ან რაიმე საგნით უკანალზე წამორტყმა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციიდან აცნობეს, საქართველოს მოსახლეობის 75%-ის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მშობელმა ბავშვისთვის უნდა გააკეთოს, განათლების მიცემაა.
ორგანიზაციამ სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვის აღზრდის შესახებ მოსახლეობის აზრის კვლევას.
CRRC-საქართველოს ინფორმაციით, კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის აზრით, სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მშობელმა ბავშვისთვის უნდა გააკეთოს, არის განათლების მიცემა - 75%, ბავშვზე ზრუნვა - 60% და მისი დისციპლინირება - 28%. 91%-ს აზრით, ბავშვისთვის იმის ახსნა, თუ რატომ არის ცუდი მისი საქციელი, აღზრდის ყველაზე მისაღები ფორმაა, მაგრამ ამავდროულად, 18%-სთვის ფიზიკური დასჯის რომელიმე ფორმაც მისაღებია, მათ შორის, შეჯანჯღარება ან ჩქმეტა, ხელით, ან რაიმე საგნით უკანალზე წამორტყმა, ყურის აწევა და სხვ. გამოკითხულთა 29%-სთვის კი, ყვირილია მისაღები.
სატელეფონო გამოკითხვისთვის ნომრები მოგროვილია შემთხვევითი აკრეფის წესით. გამოკითხვის ფარგლებში გამოიკითხა 726 ადამიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. მონაცემები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია და ცდომილების ზღვარი საშუალოდ 2.9%-ის ტოლია.
CRRC-საქართველო არის არასამთავრობო, არაკომერციული კვლევითი ცენტრი, რომელიც აგროვებს, აანალიზებს და აქვეყნებს მონაცემებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების შესახებ.