ადგილობრივის თქმით, სასტუმრო "არმაზის" მფლობელი ჩამომხრჩვალი საკუთარ კაფეში იპოვეს | Allnews.Ge

ადგილობრივის თქმით, სასტუმრო "არმაზის" მფლობელი ჩამომხრჩვალი საკუთარ კაფეში იპოვეს

ქობულეთელები სასტუმრო "არმაზის" ერთ-ერთი მფლობელის, ზაზა (ჯემალი) ართმელაძის გარდაცვალების შესახებ გარკვეულ დეტალებს ჰყვებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რამდენიმე ადგილობრივმა განუცხადა, ართმელაძე ჩამომხრჩვალი საკუთარ კაფეში იპოვეს.

მათივე განმარტებით, სასტუმროში ხანძრის გაჩენის შემდეგ ოჯახის წევრები ზღვის პირას მდებარე კაფეში ცხოვრობდნენ.

"სასტუმროს დაწვის შემდეგ აღარაფერი ჰქონდათ. ისინი ორი წლის განმავლობაში ზღვის პირზე მდებარე პატარა კაფეში ცხოვრობდნენ. სციოდათ, პრობლემები ჰქონდათ, ბანკის ვალები ჰქონდათ. ვაჟკაცი კაცი იყო ეს ბიჭი და ამდენს სტრესს და პრობლემას, როგორც ჩანს, ვეღარ გაუძლო", - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ქობულეთში მდებარე სასტუმრო "არმაზის" ერთ-ერთი მფლობელი, რომელშიც გაჩენილ ხანძარსაც ორი წლის წინ, რუსთავის ცეკვის ანსამბლის სამი წევრი ემსხვერპლა, გარდაცვლილი ცოტა ხნის წინ იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობს. უწყების განმარტებით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ქობულეთში, აღნიშნულ სასტუმროში უბედური შემთხვევა 2015 წლის 10 მაისს მოხდა. სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა, რომლებიც რუსთავის ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლის წევრები იყვნენ.აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ზაზა ართმელაძე იყო, რომელიც მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

 

myquiz