"ეს უბრალოდ ადამიანის გაწირვაა" - რას ყვებიან დემირელის კოლეჯის მმართველზე | Allnews.Ge

"ეს უბრალოდ ადამიანის გაწირვაა" - რას ყვებიან დემირელის კოლეჯის მმართველზე

დემირელის კოლეჯის მმართველის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს მიიღო და სამთვიანი წინასაექსტრადაციო პატიმრობა შეუფარდა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზასთან თანამშრომლობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. დაკავებულის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის თქმით, საუბარია, ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ ორგანიზაცია FETO-ზე რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული. ადვოკატის აზრით, ბრალდება უსაფუძვლოა, თუმცა დღეს სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ჩაბუქს ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რაც მძიმე დანაშაულია და განგრძობადობა ახასიათებს. მისივე თქმით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი თავს არიდებს გამოძიებას და თურქული მხარისგან მოწოდებული მასალების თანახმად, მიმალვაში იმყოფება. დაცვის მხარე ჩაბუქისთვის 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა, რის გამოც, ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.

თავად მუსტაფა ემრე ჩაბუქი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ითხოვს, რომ თურქეთს არ გადასცენ, რადგან იქ "სამართლიანობა არ არსებობს." ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე ცრემლებიც ვერ შეიკავა.

"15 წელია საქართველოში ვარ. მაქვს საქართველოში ბინადრობის უვადო უფლება, რომელიც სახელმწიფომ მომანიჭა. ბოლო 15 წელია საგანმანათლებლო საქმიანობას ვეწევი ერთგულად. ყველაზე მეტად ჩემს თავმოყვარეობაზე იმოქმედა იმან, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას მაბრალებენ. ეს ცრემლები იმიტომ მომდის, რომ შეეხნენ ჩემს თავმოყვარეობას. ცხოვრებაში პატარა დანაც კი არ მიტარებია.

ჩემს ჯიბეში მხოლოდ ცარცი მოიძებნებოდა და ვცდილობდი ისეთი მოსწავლე აღმეზარდა, რომელიც საქართველოს გამოადგებოდა.

სამწუხაროდ, თურქეთში სამართლიანობა არ არსებობს და აქედან გამომდინარე, ვითხოვ არ გადამცენ თურქეთს," - განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.

საზოგადოების ნაწილი მას უდანაშაულოდ მიიჩნევს და სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. მათი თქმით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავება ქართულ და თურქულ მხარეებს შორის გარიგების საფუძველზე მოხდა, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები არ ადასტურებენ.

Allnews.ge დაინტერესდა, ვინ არის და რას საქმიანობდა მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში, რისთვისაც მის ყოფილ მოსწავლეებსა და მეგობრებს დაუკავშირდა.

მისი ყოფილი მოსწავლის, სოფო ბალანჩივაძის თქმით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში თურქეთიდან 15 წლის წინ ჩამოვიდა და აჭარაში მდებარე შაჰინის ლიცეუმში ფიზიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა (ამჟამად ლიცეუმი აღარ ფუნქციონირებს).

სოფო ბალანჩივაძის თქმით, შაჰინის ლიცეუმი, "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი", დემირელის კოლეჯი, სკოლა "სხივი" და სხვა თურქული საგანამანათლებლო დაწესებულებები ორგანიზაცია "ჩაღლარს" ეკუთვნის, რომელიც ფეთჰულა გიულენის სახელს უკავშირდება, მის ამერიკიდან ექსტრადაციას კი თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დიდი ხანია ითხოვს.

"შესაძლო დაპატიმრების საკითხზე "პირდად მუსტაფასთან არ მისაუბრია, თუმცა მისი გარემოცვა საუბრობდა, რომ ჩაღლარის ორგანიზაციაში საკმაოდ მძაფრია იმის შეგრძნება, რომ თურქული მხარე ამ ორგანიზიაციაში მოღვაწე ადამიანების წინააღმდეგ პროცესებს დაიწყებს.

მათ ამ მომენტისთვის, სამშობლო რეალურად დაკარგეს და ერთადერთი დასაყრდენი საქართველოა.

თუმცა როგორც ვხედავთ, ეს ქვეყანაც ვერ იცავს მათ, ვინც წლებია საქართველოს შვილების უკეთესი მომავლისთვის დროს და ენერგიას არ ზოგავს," - განმარტავს ის და დასძენს, რომ საკუთარი შვილები დემირელის კოლეჯში დაჰყავს და მუსტაფა ემრე ჩაბუქის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის კიდევ ერთი ყოფილი მოსწავლის, ჯემალ ბეჟანიძის თქმით, თურქ მასწავლებელთან ურთიერთობა წლების განმავლობაში როგორც მას, ისე მის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ჰქონდათ და გამორიცხავს, რომ მას კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან აქვს.

"ის არის ძალიან კეთილშობილი ადამიანი და სამწუხაროა, რომ საქმე აქამდე მივიდა.

ისეთი ადამიანის დაპატიმრება და თურქული მხარისთვის გადაცემა, როგორიც მუსტაფაა, ყოვლად დაუშვებელია და ეს უბრალოდ ადამიანის გაწირვაა. თურქული მხარე მუსტაფას ექსტრადაციას, არა ტერორისტებთან კავშირის, არამედ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია "ჩაღლართან" თანამშრომლობის გამო ითხოვს. ორგანიზაცია საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულებებს ფლობს," - აცხადებს ჯემალ ბეჟანიძე და დასძენს, რომ შაჰინის სკოლის დირექტორი ამჟამად თურქეთში ამავე ბრალდებითაა დაპატიმრებული.

საკუთარი პოზიცია მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავებასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებმაც დააფიქსირეს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, თურქული მხარე გამოხატავს თავის წუხილს მათი კვალიფიკაციით, ტერორისტული ორგანიზაციის შესაძლო კავშირების შესახებ საგანმანათლებლო სისტემასთან.

"ჩვენ თავიდანვე დავარწმუნეთ ჩვენი კოლეგები, რომ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ, რომ ჩვენს მოსწავლეებს ნებისმიერ სკოლაში არაფერი დაემუქროთ, მათ შორის, არანაირი იდეოლოგიური ზეწოლა მათზე არ იყოს," - განმარტა ჯეჯელავამ.

ევროპულ და ევროატლანიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი, ვიქტორ დოლიძე კი აცხადებს, რომ კრიმინალი და პოლიტიკა ერთმანეთთან არ უნდა დავაკავშიროთ.

"თუ კრიმინალთან გვაქვს საქმე, ბუნებრივია, საქართველო, ვინც უნდა იყოს, ზომებს მიიღებს, პოლიტიკური ნიშნით, ამ ქვეყანაში, ნებისმიერი, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავება დასრულებულია," - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

აღსანიაშმავია, რომ ორგანიზაცია FETO, გარდა თურქეთისა, ტერორისტულ ორგანიზაციად არცერთ ქვეყანაში არ არის აღიარებული.

რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, "საგარეო საქმეთა სამინისტრო" ორგანიზაცია FETO-ს სტატუსთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ქვეყანას, ტერორისტული დაჯგუფებების ოფიციალური ჩამონათვალი არ აქვს, შესაბამისად, გიულენის ორგანიზაციასთან მიმართებაში ასეთი პოზიციით პასუხის გაცემა არ შეუძლია.

რა ბედი ეწევა დემირელის კოლეჯის მენეჯერს, გადასცემენ თუ არა მას თურქულ მხარეს, ჯერჯერობით უცნობია.

 

მარიამ მენაბდიშვილი

დემირელის კოლეჯის დაკავებული მმართველი - ცხოვრებაში პატარა დანაც არ მიტარებია, ჯიბეში მარტო ცარცი მომეძებნებოდა

ერდოღანისა და გიულენის დაპირისპირება - ვინ არის თურქეთის პრეზიდენტის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი

myquiz