"ციანიდის საქმის" კიდევ ერთი პროკურორი საქმეში რაიმე ინტიმური ვიდეოს არსებობას უარყოფს | Allnews.Ge

"ციანიდის საქმის" კიდევ ერთი პროკურორი საქმეში რაიმე ინტიმური ვიდეოს არსებობას უარყოფს

ე. წ. ციანიდის საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური უარყოფს, რომ საქმეში რაიმე ინტიმური ვიდეო დევს. როგორც წიკლაურმა განაცხადა, ადვოკატების მხრიდან უკვე არაერთხელ ხდება მათი შუამდგომლობის არასწორი ინტერპრეტირება და დამახინჯება.

წიკლაურის თქმით, საუბარია გარკვეული ხასიათის პირადი ცხოვრების ინფორმაციაზე, რომელიც არის საქმეში.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადვოკატები ტირაჟირებენ სიცრუეს, თითქოს ჩვენ ინტიმური ვიდეომასალით ვაშანტაჟებთ ბრალდებულს. ეს არის მორიგი სიცრუე მათი მხრიდან. არავითარი ინტიმური ვიდეომასალა საქმეში არ არსებობს, მსგავსი არაფერი თქმულა. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქმეში არის გარკვეული სახის პირადი ინფორმაცია ბრალდებული გიორგი მამალაძის და მესამე პირების.

ადვოკატების მხრიდან ხელოვნურად დამახინჯება იმისა, რომ ჩვენ მსგავსი ვიდეოებით ვიღაცას ვაშანტაჟებთ, ეს, ეტყობა, არის მათი სტრატეგია, რომ რაიმე გავლენა მოახდინონ დარბაზსა ან ჟურნალისტებზე, რათა თქვენ არასწორად გააშუქოთ პროცესი", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

როგორც ცნობილია, დღევანდელ პროცესზე საქმის კიდევ ერთმა პროკურორმა ვლადიმერ ვექილიანმა განაცხადა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში დევს ინტიმური ვიდეომასალა, რომელიც როგორც ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ასევე მესამე პირს ეხება.

myquiz