უფასო წრეები, სადაც ბავშვების გონებრივი და ფიზიკური განვითარებაა შესაძლებელი | Allnews.Ge

უფასო წრეები, სადაც ბავშვების გონებრივი და ფიზიკური განვითარებაა შესაძლებელი

გარდა სასკოლო განათლებისა, მშობლების უმეტესობას სურს, შვილი სხვადასხვა წრეზე შეიყვანოს, რათა მისი ინტერესის სფერო გააფართოოს და შესაძლებლობა მისცეს, მომავალში პროფესია, უფრო გათვიცნობიერებულმა აირჩიოს.

თუ შეზღუდული ფინანსური რესურსის გამო, შვილის რამდენიმე წრეზე მიყვანისგან თავს იკავებთ, შეგიძლიათ, ის უფასო კურსებზეც მიიყვანოთ. Allnews.ge დაინტერესედა, სად ფუნქციონირებს ასეთი წრეები და როგორ ხდება მოსწავლეების მიღება.

თავდაპირველად, უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის 3 მარტს, "საქართველოს განათლებისა და მეცნიერების" სამინისტრომ, სკოლებში "თავისუფალი გაკვეთილების" პრაქტიკის დამკვიდრება დაიწყო, რომლის მიზანიც მოსწავლეების მოტივაციის გაზრდა და არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობების გაფართოება იყო.

სამინისტროს ინფორმაციით, "თავისუფალი გაკვეთილების" შინაარსი და სწავლების მეთოდოლოგია ტიპური საგაკვეთილო პროცესისგნ განსხვავდება - არ ითვალისწინებს საშინაო დავალებების მომზადებასა და მოსწავლის შეფასებას.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სპორტული აქტივობები, კულტურისა და ხელოვნების სწავლება და ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროგრამები და აქტივობები ჩატარდება, რომლლის საშუალებითაც მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, არაფორმალური განათლება მიიღონ.

წელს "თავისუფალ გაკვეთილებში" ჩართულები იქნებიან მე-7 და მე-8 კლასის მოწავლეები.

გაკვეთილებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სრულად აფინანსებს და ის მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.

გარდა ამისა, "სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს" დაქვემდებარებაში მყოფი "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული" ცენტრის ორგანიზებით, 2016 წლის ოქტომბრიდან, ტიხრული მინანქრის, თექისა და ქსოვის უფასო შემსწავლელი კურსები შეიქმნა, რომლის მონაწილეთა ასაკი 12-დან 29 წლამდეა განსაზღვრული. სწავლის დასრულდების შემდეგ, გაიცემა სერტიფიკატიც. რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ, "ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს" მიმართოთ ან ონლაინ-რეგისტრაცია გაიაროთ.

გარდა აღნიშნული პროგრამისა, "სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს" პროგრამის ფარგლებში, რეგიონების მასშტაბით, ნებისმიერ სპორტულ წრეში ჩართვა უფასოა. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში სპორტული წრეები უფასო დევნილებისა და სოციალურად დაუცველებისთვისაა. პროგრამაში ჩასართავად რეგიონის მუნიციპალიტეტსა და აღნიშნულ წრეს უნდა მიმართოთ.

უფასო სასწავლო კურსები "მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლესაც" აქვს, რომლებიც სხვადასხვა დასახელების ქვეშაა გაერთიანებული. მაგალითად, თუ გსურთ, რომ თქვენს შვილებს მსოფლიოს კულტურის ან პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ჰქონდეთ ინფორმაცია, ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობების კაბინეტის ფარგლებში არსებულ წრეებზე უნდა მიიყვანოთ.

გარდა ამისა, ფუნქციონირებს ისტორიისა და ეთნოგრაფიის, ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კაბინეტი, რომელიც, ადამიანის ანატომიის, ფიზიოლოგიის, გენეტიკისა და ქიმიის კურსებსაც მოიცავს.

"მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ასევე შეგიძლიათ, ბავშვები კომპიუტერულ სტუდიაში, კინემატოგრაფიის შემსწავლელ კურსებზე, ტექნიკურ მოდელირებასა და დიზაინზე, მათემატიკაზე, ფოლკლორზე, ქართულ ენასა და ლიტერატურაზე, ამერიკის შემსწავლელ პროგრამაზე, უცხო ენებისა და სამართალმცოდნეობის შესასწავლადაც კი მიიყვანოთ, რაც მთავარია, უფასოდ.

სასახლეში ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლები და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტიც ფუნქციონირებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ შვილისთვის არაფორმალური განათლების მიცემა გსურთ, ამის შესაძლებლობა უფასოდაც გეძლევათ.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz