რას გვინაზღაურებს სამოგზაურო დაზღვევა | Allnews.Ge

რას გვინაზღაურებს სამოგზაურო დაზღვევა

თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ გეგმავთ გასვლას, სამოგზაურო დაზღვევა აუცილებლად დაგჭირდებათ, შესაბამისად, ამ დოკუმენტზე აუცილებლად უნდა იზრუნოთ.

Allnews.ge დაინტერესდა, რა სამედიცინო დახმარებას გვთავაზობს სამოგზაურო დაზღვევა და როგორ უნდა ვისარგებლოთ საჭიროების შემთხვევაში მისი საშუალებით, რისთვისაც ერთ-ერთი სადაზღვეო კომპანიის საცალო გაყიდვების უფროსს, სოფო კვანტალიანს ესაუბრა.

კვანტალიანის თქმით, სამოგზაურო დაზღვევა არაგეგმიურ სამედიცინო მომსახურების ხარჯებს ფარავს, შესაბამისად, მასში გეგმიური სერვისები (მაგალითად, კბილის დაბჟენა, ჩასმა და ა.შ) არ შედის, - "ჩვენი სამოგზაურო პაკეტების ღირებულება 1 ლარიდან იწყება. გარკვეული ლიმიტი გვაქვს დაწესებული - 50 000 დოლარი და 50 000 ევრო (ევროს შემთხვევაში პაკეტის ღირებულება 1,20 ლარიდან იწყება). აღნიშნული ლიმიტების დაწესება ევროპის ქვეყნების მოთხოვნა იყო," - განმარტავს ის.

რა საბუთები დაგვჭირდება ევროპაში უვიზოდ მოგზაურობის დროს

შეკითხვაზე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამედიცინო დახმარების საჭიროებისას როგორ უნდა მოვიქცეთ, სპეციალისტი პასუხობს, რომ სადაზღვეო კომპანიას საზღვარგარეთ ჰყავს "ასისტანს-კომპანია", რომელიც პირისთვის სამედიცინო დახმარების მიწოდებას უზრუნველყოფს:

"ნებისმიერ პოლისზე ამ ასისტანსის საერთაშორისო ნომერია დატანილი, თუ მომხმარებელს სამედიცინო დახმარება დასჭირდება აღნიშნულ ნომერზე დარეკავს. ასისტანს-კომპანია ორგანიზებას გაუწევს პაციენტისთვის სასწრაფო დახმარების ავტომობილით მომსახურებასა და მის ჰოსპიტალიზაციას", - აღნიშნავს ის.

გადავიხდით თუ არა მომსახურების თანხას, თუ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში ან ისეთ ვითარებაში გადაგვიყვანა, როდესაც ასისტანს-კომპანიასთან დაკავშირება ვერ შევძელით? - სოფო კვანტალიანის განმარტებით, ამ შემთხვევაში თანხას თავად ვიხდით, თუმცა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სადაზღვეო კომპანიას ჩეკებსა და ჰოსპიტალიდან წამოღებულ დოკუმენტაციას წარვუდგენთ და ვითარების გათვალისწინებით, გაწეული ხარჯები უკან დაგვიბრუნდება, - "დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა 30 დღეა," - დასძენს სპეციალისტი.

ასევე, მისი თქმით, ასისტანს-კომპანიებს 90%-იანი დაფარვის პასუხისმგებლობა აქვთ, შესაბამისად, ისინი თითქმის ყველგან დაგეხმარებიან, სადაც ამის საჭიროება შეგექმნებათ, მთავარია დაუკავშირდეთ.

გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოს ქვეყნების სრულად დაფარვისა და ერთი ქვეყნის დაფარვის მქონე პაკეტს იგივე ღირებულება აქვს, ამიტომ გირჩევთ, პირველი მათგანი შეიძინოთ.

სოფო კვანტალიანი ასევე განმარტავს, რომ მომხმარებლებს კარგად უნდა ახსოვდეთ, კონკრეტულად რას არ დაუფინანსებთ მათ სამოგზაურო დაზღვევა, - "ეს არის მედიკამენტები, ნებისმიერი გეგმიური სამედიცინო ხარჯი, მათ შორის ონკოლოგიური ხარჯები, ინფექციურ დაავადებებზე მკურნალობა," - აღნიშნავს ის.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოსა და ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებს შორის ვიზალიბერალიზაცია ამოქმედდა, სამოგზაურო დაზღვევა ერთ-ერთია იმ დოკუმენტებს შორის, რომელიც აღნიშნული სივრცის ქვეყნებში შესვლისას დაგჭირდებათ.

 

მარიამ მენაბდიშვილი