ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით აქციები დაიწყო
ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით, თბილისში წინასწარ დაანონსებულ ადგილებზე სასულიერო პირები და მრევლი უკვე იკრიბებიან.
მოქალაქეებმა შეკრება დაიწყეს ფილარმონიასთან, ოპერის თეატრთან, ვარდების სკვერში, პარლამენტთან და პუშკინის სკვერში.
სასულიერო პირებსა და მრევლს საქართველოს დროშები და პლაკატები აქვთ მიტანილი, მათ შორის ბანერი წარწერით "ოჯახი - კაცობრიობის გონივრული მონაპოვარი".
ცალკეულ ადგილებში ხატებია დაბრძანებული. ასევე მოწყობილია მინი სცენები, სადაც ცოტა ხანში რეგიონებიდან ჩამოსული ხალხური სიმღერების ანსამბლების მონაწილეობით კონცერტები გაიმართება.
კონცერტების დაწყებამდე, 10:00 საათზე, ყველა აღნიშნულ ლოკაციაზე სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.
"დღეს არის ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დადგინდა. ოჯახის სიწმინდეს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველი ერისთვის. ოჯახი არის პატარა სახელმწიფო და თუ ოჯახი მტკიცეა, სახელმწიფოც მტკიცეა. გარდა ამისა, დღეს ჩამობრძანდება აწყურის ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც შევეგებებით და წავალთ სამებისაკენ, სადაც მისი უწმინდოსება გადაიხდის პარაკლისს", - განუცხადა ფილარმონიასთან ჟურნალისტებს დეკანოზმა მირიან სამხარაძემ.