16.05.2017 / 11:11
შრიფტის ზომა:

რა ბედი ეწევათ გაზზე გადაყვანილ ავტომობილებს 100 ქულიანი სისტემის შემოღების შემდეგ?

გიორგი 3 წელია გაზზე გადაყვანილი ავტომობილით დადის. პრობლემა არასდროს შექმნია, მისი მანქანა ახლაც გამართულად მუშაობს, თუმცა, 100 ქულიანი მართვის მოწმობის შემოღებამ დააბნია.

"გაჟღერდა ინფორმაცია, რომ თვითნებურად გადაკეთებული ავტომობილით სიარულზე მართვის მოწმობის ქულებს ჩამოაჭრიან მძღოლს და დააჯარიმებენ კიდეც. არ ვიცი, ამ კატეგორიაში ჩემი მანქანა შედის თუ არა. ისიც არ ვიცი, ვინ უნდა შემიმოწმოს, რომ ჩემს ავტომობილზე უსაფრთხოდაა სისტემა ჩაყენებული. ამის შესახებ არაფერს ამბობენ და ცოტა დაბნეული ვარ. გარშემო ყველა გაურკვევლობაშია. კარგი იქნება, თუ მეტ ინფორმაციას გაავრცელებენ, თუნდაც მედიის საშუალებით. არ მინდა, ისე აღმოჩნდეს, უცებ პატრულმა გამაჩეროს და დამაჯარიმოს," - ამბობს გიორგი.

საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული ინფორმაცია კი ასეთია: იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული გამოიწვევს 10 ქულით დაჯარიმებას. თუმცა ავტომფლობელებმა არ იციან, რას ნიშნავს, თვითნებურად გადაკეთებული ავტომობილი და ვინ უნდა შეამოწმოს მისი უსაფრთხოება.

კანონმდებლობაში ეს მუხლი შემდეგნაირად არის განმარტებული: იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული (გადაკეთებულია საწვავის ავზი, ძარა, ან დაყენებულია ბუნებრივი აირის სისტემა, ან სხვაგვარადაა შეცვლილი სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია და იგი არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებს ან/და ქარხანა-დამამზადებლის სტანდარტებს), გამოიწვევს 100 ლარით დაჯარიმებას და 10 ქულის ჩამოკლებას.

საქართველოში გაზზე გადაყვანილი ავტომობილების რაოდენობა სწრაფად მზარდია. ბოლო პერიოდში მათი გადაკეთებისას კომპანიები ცნობასაც გასცემენ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს ცნობა საკმარისი არაა და მანქანამ შემოწმება მაინც უნდა გაიაროს.

"ვამოწმებთ, რომ ყველაფერი მწყობრში იყოს. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამის კომპანიებთან ვგზავნით ავტომფლობელებს, რომ დარღვევების მოწესრიგება მოხდეს. არის ხოლმე შემთხვევები, რომ მანქანები შემოწმებას ვერ გადიან. ამ დროს ძირითადი მიზეზი ძველი ბალონებია. ევროპულ ბალონებს ექსპლუატაციის ვადა 20 წელი აქვს, ჩინურს კი - 15. ვადაგასული ბალონი ცნობის მიღებას ნამდვილად ვერ მოახერხებს. ასევე, აუცილებელი პირობაა, რომ ავტომობილს გაზის დამტენი გარედან ქონდეს," - ამბობს ერთ-ერთი კომპანიის ექპერტ-ლაბორანტი ლაშა შიოშვილი.

მსგავს მომსხურებას სულ 3 კომპანია ახორციელებს. მათ შორის 2 თბილისში მდებარეობს, 1 კი - ქუთაისში.

როგორც გაირკვა, ცნობა 3 წლიანია და მისი აღების ერთჯერადი მინიმალური ღირებულება 100 ლარიდან იწყება. ავტომობილის შემოწმება ყოველწლიურად უფასოდ მოხდება. სამი წლის შემდეგ კი ფასიანი ცნობის აღება განმეორებით უნდა მოხდეს.

"სავალდებულო შემოწმების შესახებ, საზოგადოებაში ცნობიერება საკმაოდ დაბალია. ძალიან ცოტამ იცის, რომ შეუმოწმებელი ავტომობილის მართვის შემთხვევაში დაჯარიმდება არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ მის მართვის მოწმობას ქულებიც გამოაკლდება," - დაამატა შიოშვილმა.

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობაში მსგავსი მუხლი 2010 წლიდან მოქმედებდა და თვითნებურად გადაკეთებულ ავტომობილზე 100 ლარიანი ჯარიმა უკვე არსებობდა. თუმცა გაურკვეველი, იყო ვის უნდა შეემოწმებინა გაზის სისტემის უსაფრთხოება და ვის უნდა გაეცა შესაბამისი ცნობა.

 

 

ნანა მღებრიშვილი