ადგილები თბილისთან, სადაც დროს სუფთა ჰაერსა და მწვანე გარემოში გაატარებთ | Allnews.Ge

ადგილები თბილისთან, სადაც დროს სუფთა ჰაერსა და მწვანე გარემოში გაატარებთ

მზიანი ამინდის გამოსვლასთან ერთად, ბევრ ჩვენგანს სუფთა ჰაერზე დასასვენებლად გასვლის სურვილი უჩნდება. თუმცა, ამას დროის არქონის გამო ხშირად ვერ ვახერხებთ, შესაბამისად, დასვენების დღეებსაც ქალაქის ხმაურსა და გადატვირთულ მოძრაობაში სეირნობას ან სახლში დარჩენას ვუთმობთ. მიუხედავად დროის შეზღუდული რესურსისა, შეგიძლიათ, დასვენების დღეები მშვიდად, მწვანე გარემოში, სუფთა ჰაერზე და თანაც ქალაქთან ახლოს გაატაროთ ხოლმე, რისთვისაც Allnews.ge საქართველოს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის მიერ მოწოდებულ ადგილებს გთავაზობთ.

ბექა ბუხრაშვილის თქმით, საპინკნიკედ ყველაზე კარგი ადგილი თბილისის ეროვნული პარკია, რომელიც ტერიტორიას მამკოდიდან და საბადურის ტყიდან, საგურამომდე მოიცავს.

"აქ დასასვენებლად ძალიან კარგი ადგილებია და პერსონალიც ტურისტებისა და სტუმრების მიმართ საკმაოდ კეთილგანწყობილია. ბუნება შესანიშნავია, ზაფხულში, ქალაქიდან გასასვლელად და დასასვენებლად ძალიან კარგი ადგილია.

ეროვნულ პარკში მოწყობილია ველოსიპედების ბილიკები და მშვენიერი რეკრეაციული ზონაა.

ყველას ვურჩევდი, ერთი დღით, დასასვენებლად იქ წავიდეს," - განმარტავს ბექა ბუხრაშვილი.

მოლაშქრეთა ეროვნული ფერედაციის ვიცეპრეზიდენტის თქმით, პიკნიკის მოსაწყობად ჭილის ტბა, რომელიც მუხათგვერდის სასაფლაოს ზემოთ მდებარეობს, შესაფერისი ადგილია.

"იქაც მშვენიერი ტყეა და ძალიან ლამაზი ტბა, ხშირად ეწყობა ხოლმე სხვადასხვა ღონისძიება. ჭილის ტბა მოლაშქრეების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია," - აღნიშნავს ის.

მოლაშქრე პიკნიკზე წასვლას მცხეთის რაიონ სოფელ მსხალდიდშიც გვირჩევს. ერთი დღით, შეგიძლიათ, ქალაქიდან ბეთანიაშიც გახვიდეთ. "ბეთანიაში საფეხმავლო ბილიკით, სოფელი ახალდაბიდან შეიძლება გადასვლა, რომელიც მეტნაკლებად მარკირებულია, მაგრამ კარგადაა გათელილი და ძალიან კარგ სალაშქრო ბილიკად მიიჩნევა. ბეთანია ძალიან ლამაზი და გრილი ადგილია," - დასძენს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.

თუ არმაზის ციხეზე არ ყოფილხართ და ქალაქიდან გასვლა და ქვეყნის ისტორიასთან პირისპირ შეხვედრა გსურთ, იქ უნდა ახვიდეთ. ასასვლელი სამანქანო გზიდანაა, თუმცა შედარებით რთულად სავალი ბილიკიც აქვს. "არის ასასვლელი ბილიკი, რომელიც ცოტა მოუპირკეთებელია, რკინიგზაზე გიწევს გადასვლა თუმცა, თავისუფლად გავლა მაინც შესაძლებელია. თბილისთან ძალიან ახლოს არის და კარგი ტყეა, "- განმარტავს ბექა ბუხრაშვილი.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ადგილებისა, ერთი დღის ბუნებაში გატარება ლისის ტბაზე, კუს ტბაზე, შინდისსა და კოჯრისშიც შეიძლება. შესაბამისად, თუ ქალაქის ხმაურმა და გამონაბოლქვმა შეგაწუხათ, შეგიძლიათ, თბილისთან ახლოს, მწვანე გარემოში განიტვირთოთ.

myquiz