პარლამენტი სკოლებში სქესობრივი განათლების შემოღებაზე მსჯელობს | Allnews.Ge

პარლამენტი სკოლებში სქესობრივი განათლების შემოღებაზე მსჯელობს

გენდერული თანასწორობის საკითხების სწავლება და ზოგადად, რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობისა და უფლებების სწავლება ფორმალური განათლების ნაწილი უნდა იყოს, - ამის შესახებ Allnews.ge-ს სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკა სხილაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა, სკოლებში რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სქესობრივი განათლების შემოღების რეკომენდაციით, პარლამენტს მიმართა.

"პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ცნობიერების დონე ძალიან დაბალია. ეს თავის მხრივ, სხვადასხვა პრობლემას განაპირობებს და ერთ-ერთი, რაშიც ვლინდება, ადრეულ ასაკში ქორწინებებია. სწორედ ამიტომ, სახალხო დამცველმა საპარლამენტო ანგარიშში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოუწოდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ამ საკითხის სკოლაში სწავლება დაიწყოს.

თავად სამინისტრომ უნდა განსაზღვროს, საკითხის სწავლება რა ფორმით დაინერგება.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ის არაფორმალური განათლების ნაწილი, სემინარებისა თუ სხვადასხვა სწავლებებით იყოს ორგანიზებული," - განმარტავს ის.

სახალხო დამცველის მოადგილის თქმით, სქესობრივი განათლების სწავლებისკენ პირველი ნაბიჯები, შესაძლებელია, სკოლის მოსწავლეებისთვის სემინარების ჩატარება იყოს.

"პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ინფორმაცია ამ უფლებებსა და ჯანმრთელობაზე, ზრდასრულთა შორისაც ნაკლებია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი სწავლება სკოლიდან მაინც დავიწყოთ." - აღნიშნავს სხილაძე და დასძენს, რომ მნიშვნელოვანია სქესობრივ განათლებაზე ბავშვებს პროფესიონალები ესაუბრებოდნენ.

ეკა სხილაძის განმარტებით, სახალხო დამცველის აპარატი, თავის რეკომენდაციებში, საერთაშორისო კვლევებსა და პრაქტიკას დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც, დადასტურდა, რომ საკითხის სწავლების საჭიროება არსებობს, რადგან რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ინფორმაციის დონე კრიტიკულად დაბალია. რომელ კლასებში, რა სახით და რა ფორმით უნდა ისწავლებოდეს ახალი საგანი, ჯერჯერობით მსჯელობის საკითხია, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ რეკომენდაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად გაიზიარებს და უფრო კონკრეტულ ღონისძიებებს დაგეგმავს," - დასძენს სახალხო დამცველის მოადგილე.

ეკა სხილაძე ასევე აღნიშნავს, რომ ამის განხორციელებაში განსაკუთრებული როლი სკოლებს ექნებათ, რათა მათ მშობლებსა და მოსწავლეებს ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ, რომელსაც საზოგადოების კრიტიკულად განწყობილი ნაწილიც გაიზიარებს.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz