საქართველოს ქალაქებში კანის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის უფასო გამოკვლევები ჩატარდება | Allnews.Ge

საქართველოს ქალაქებში კანის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკის და ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობის მიზნით, 14-20 მაისს, საქართველოს ხუთ ქალაქში მსურველთათვის უფასო გამოკვლევები ჩატარდება.

ამის შესახებ "საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის" თავმჯდომარემ, ლალი მეკოკიშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკის, ასევე ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობის და ფართო მასების ინფორმირების მიზნით, კამპანია "ევრომელანომა საქართველოში" წელსაც გაიმართება, სლოგანით - "კანი ერთია, გაუფრთხილდით მას და დაიცავი მზის მავნე გამოსხივებისაგან".

უფასო სკრინინგ-აქცია თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში ჩატარდება. მისი ორგანიზატორია "საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაცია", კამპანიის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და ჯანდაცვის სამინისტრო.

ლალი მეკოკიშვილმა აღნიშნა, რომ მსურველებს, რომელთაც აღენიშნებათ კანზე წამონაზარდები, საეჭვო ხალები და სხვ. შეუძლიათ აღნიშნული ქალაქების მიხედვით ცხელ ხაზზე წინასწარ დარეკონ და უფასო გასინჯვებში ჩაეწერონ. ლალი მეკოკიშვილის თქმით, ცხელი ხაზის ნომრები ქალაქების მიხედვით მათი ასოციაციის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდება. მისივე ინფორმაციით, კლინიკებმა აქციაში ჩართვის სურვილი გამოთქვეს და წინასწარ აძლევენ ინფორმაციას აქციის ორგანიზატორებს, თუ როდის შეძლებენ პაციენტების მიღებას და ინფორმირებას. საქართველოში ევრომელანომის კამპანია წელს უკვე მეხუთედ ტარდება და მისი მთავარი მიზანია საზოგადოების ინფორმირება.

ლალი მეკოკიშვილის თქმით, 2012-16 წლებში, მათ მიერ ჩატარებული სკრინინგის ფარგლებში, უფასო გამოკვლევებით 4 500-მდე პირმა ისარგებლა. შესაბამისად, გამოვლინდა მელანომისა და არამელანომური კიბოს შემთხვევებიც. კიბოსთან დაკავშირებით მათ შეისწავლეს ბოლო წლების სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ვლინდება, რომ პაციენტები სამკურანლო დაწესებულებებს კანის კიბოს დაავადების ბოლო სტადიებზე მიმართავენ.

myquiz