თბილისი აღარ უნდა გაფართოვდეს - გენგეგმის თანაავტორი | Allnews.Ge

თბილისი აღარ უნდა გაფართოვდეს - გენგეგმის თანაავტორი

თბილისის განაშენიანების კონტურების "გარეთ გასვლა" მიზანშეწონილი არ არის, - ამის შესახებ არქიტექტორმა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის ერთ-ერთმა თანაავტორმა მერაბ ბოლქვაძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"გენგეგმა კომპაქტური ქალაქის იდეას ავითარებს და განაშენიანების კონტურების "გარეთ გასვლა" მიზანშეწონილი არ არის. ბევრი ევროპული ქალაქის თანამედროვე განაშენიანება სწორედ იმას ემსახურება, რომ ქალაქი ძალიან არ გაიშალოს. კოჯრის მიმართულებით, ლისის ტბის მიმდებარედ, დიდი დიღმის სიბრტყეებზე, თბილისის ზღვის გარშემო და ა.შ. ჯერ კიდევ წლების წინ უსისტემოდ არის გაცემული მიწები, რითაც ქალაქს პრობლემა შეექმნა. ინფრასტრუქტურის განვითარება ხარჯების სიდიდის გამო ვერ ხერხდება, ქალაქის ბიუჯეტს კი უპირველესად კომუნალური ხარჯები ეზრდება. მოსახლეობამდე მისაყვანია ელექტროქსელები, გასამართია წყალმომარაგება, გაზმომარაგება, კანალიზაცია, დასაგებია გზები.

ცხადია, როცა ქალაქი "გაწელილია", იზრდება სატრანსპორტო მოძრაობაც, რაც მეტი გამონაბოლქვის წარმოქმნას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ქალაქმა სატრანსპორტო უზრუნველყოფაც ხომ უნდა შეძლოს? ამიტომაც ერიდებიან თანამედროვე ქალაქების გარე განვითარებას. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ იმ მესაკუთრეთა ინტერესებიც, რომლებსაც უკვე შეძენილი აქვთ მიწა და უძრავი ქონება. არ მინდა ისე გაიგოთ, თითქოს ქალაქის არაგონივრული შემჭიდროება სწორია. არაგონივრული გამჭიდროებების ქალაქის ზოგიერთ უბანში სამარცხვინო შედეგი მივიღეთ - შენობებს შორის საცხოვრებელი კორპუსები ჩაჩხირეს. ამან უძრავი ქონების ფასებზეც იმოქმედა. მაგალითად, თუკი ადამიანს 50 000 დოლარის ქონება ჰქონდა, მისი ფასი 30 000 დოლარამდე დაეცა", - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.

მისი თქმით, თბილისში კაცზე 4კვ.მ გამწვანების ზოლი მოდის, მაშინ როდესაც ევროპული სტანდარტებით საშუალო მაჩვენებელი 15-18 კვ.მ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

"ამიტომ ქალაქის გარე განვითარება უნდა შევაჩეროთ, ამ ტერიტორიებიდან შემოღწეული ჟანგბადით მაინც რომ ვისუნთქოთ. უნდა შევქმნათ გამწვანების ზოლებიც, რასაც წლები დასჭირდება", - აღნიშნა მან.

ბოლქვაძის აზრით, ყოფილი საწარმოების თითქმის ნახევარი სარეკრეაციო საჯარო სივრცეებად უნდა გადაიქცეს.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე ორგანიზაცია "სითი ინსტიტუტი საქართველო" და მისი 8 პარტნიორი ორგანიზაცია და კომპანია მუშაობენ.

myquiz