პროკურორი - ბრალდების ერთ-ერთ მოწმეზე რელიგიური მოტივით მუქარისშემცველი ზარი განხორციელდა | Allnews.Ge

პროკურორი - ბრალდების ერთ-ერთ მოწმეზე რელიგიური მოტივით მუქარისშემცველი ზარი განხორციელდა

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების ერთ-ერთ მოწმეზე რელიგიური მოტივით მუქარისშემცველი ზარი განხორციელდა, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა განაცხადა.

პროკურორმა აღნიშნულზე სასამართლო პროცესის დახურვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენებისას ისაუბრა, თუმცა მოწმის ვინაობა და მუქარისშემცველი შეტყობინების ავტორი არ დაუსახელებია. აღნიშნული ფაქტი, პროკურორის თქმით, ერთ-ერთი არგუმენტია იმის, რომ წინასასამართლო სხდომა დაიხუროს.

"ბრალდების მხარის ერთ-ერთ მოწმეზე განხორციელდა, სავარაუდოდ, მუქარისშემცველი ზარი. დადგენილია, რომ სავარაუდო, მუქარისშემცველი ზარი არის რელიგიური მოტივის. აქედან გამომდინარე, სახეზეა რელიგიური ნიშნით დაპირისპირების გაღვივების ნიშნები", - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორმა სასამართლო სხდომის დახურვის შუამდგომლობის დაყენებისას ასევე აღნიშნა, რომ საქმეში მონაწილე არაერთი პირის, მათ შორის ბრალდებულის ოჯახის მიმართ ხორციელდება დაცვის სპეციალური ღონისძიებები, რაც ასევე ერთ-ერთი არგუმენტია პროცესის დახურვისა, რადგან შესაძლოა პროცესში მონაწილე პირების უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქროს.

პროკურორმა საქმის მტკიცებულებებში, კერძოდ, ვიდეო ჩანაწერებში დეკანოზ გიორგი მამალაძის, როგორც სასულიერო პირის ქცევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამით შესაძლოა საზოგადოებაში მორალური წესრიგი დაარღვიოს, ვინაიდან ჩანაწერებში ბრალდებულის, როგორც სასულიერო პირის მორალური თვისებები და ზნეობრივი წესი ნეგატიურად ჩანს.

მამა გიორგი მამალაძე არც ერთ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს

myquiz