თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი ჩაშლილია | Allnews.Ge

თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი ჩაშლილია

162-ე სკოლის დირექტორი სოფიო ფანცულაია თანამდებობის დატოვებას აპირებს. როგორც ფანცულაიამ განათლების მინისტრის მოადგილესთან, მშობლებსა და მასწავლებლებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, პედაგოგებმა რეალურად მართლაც არ იცოდნენ მემორანდუმის შესახებ და მან ამ მიმართულებით შეცდომა დაუშვა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში დაწერს განცხადებას თანამდებობიდან წასვლის შესახებ.

თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი დღეს ჩაიშალა. პედაგოგების განცხადებით, ისინი პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან გაფორმებულ მემორანდუმს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც პირველი ექსპერიმენტული სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები 162-ე სკოლაში ივლიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროში განუცხადეს, პირველი ექსპერიმენტული სკოლა ვერ იტევს ორზე მეტ პირველ კლასს, რისი საშუალებაც 162-ე სკოლას აქვს და სწორედ ამის მიხედვით გაფორმდა მემორანდუმი. სამინისტროში განმარტავენ, რომ 162-ე სკოლაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის ჯგუფები ისეთივე პროგრამით ისწავლიან, როგორც პირველ ექსპერიმენტულში.

პედაგოგები შიშობენ, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ შესაძლებელია 162-ე სკოლაში მოხდეს კადრების ოპტიმიზაცია.