"გირჩის" რელიგიური ორგანიზაცია ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს | Allnews.Ge

"გირჩის" რელიგიური ორგანიზაცია ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს

2017 წლის 3 მარტს საჯარო რეესტრში ახალი რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლების" სახელის ქვეშ დარეგისტრირდა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესიის ხელმძღვანელად, პოლიტიკური პარტია "გირჩის" წევრი, ნიკა ობოლაძე დასახელდა. მთავარ ღირებულებად თავისუფლება განისაზღვრა. თავისუფლების შეზღუდვის ძირითად მაგალითად კი სავალდებულო სამხედრო სამსახური იქცა.

რელიგიური ორგანიზაციის შექმნისა და წვევამდელებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ფაქტი, გირჩის ერთ-ერთმა წევრმა და რელიგიური ორგანიზაციის ეპისკოპოსმა, ლევან ჯგერენაიამ Allnews.ge-სთან საუბარში დაადასტურა.

"ჩვენ ამ რელიგიური ორგანიზაციის წევრები და დამფუძნებლბი მივიჩნევთ, რომ თავისუფლება არის ადამიანის მთავარი ღირებულება.

ადამიანს საკუთარი სხეული თავად ეკუთვნის, სწორედ ამასთან იყო დაკავშირებული ჯარის ამბავიც.

მივიჩნევთ რომ ადამიანები ჯარში იძულებით მიჰყავთ, რაც მათი ნების საწიინაღმდეგოდ მოქმედებაა. ჩვენ ამ რელიგიური ორგანიზაციასა და წვევამდელების ნაწილის სასულიერო პირებად კურთხევაში ვნახეთ გამოსავალი"- განაცხადა ლევან ჯგერენაიამ.

მსურველის მღვდელმსახურად კურთხევის გადაწყვეტილებას ეპისკოპოსთა კრება იღებს. ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესიის სასულიერო პირს შესაბამისი მოწმობაც გადაეცემა, რომელიც მას ეკლესიის სახელით ქადაგების უფლებას აძლევს. მოწმობას ხელს გირჩის წევრები და რელიგიური ორგანიზაციის მთავარი მღვდელმსახური და ეპისკოპოსები ნიკა ობოლაძე, არჩილ ხაჩიძე და ლევან ჯგერენაია აწერენ.

იქადაგებენ თუ არა უფლის სიტყვას მღვდელმსახურებად კურთხეული ადამიანები ჯერ უცნობია, თუმცა, სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურს სამუდამოდ თუ არა, დროებით მაინც რომ დააღწევენ თავს, ფაქტია.

კაონის 30-ე მუხლის "ლ" ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ გაწვეული მღვდელთმსახურია ან სასულიერო სასწავლებელში სწავლობს.

ლევან ჯგერენაია და რელიგიური ორგანიზაციის სხვა წევრები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მონობას უწოდებენ და წვევამდელებისთვის აღნიშნული პასუხისმგებლობის აცილებას მორალურად გამართლებულად მიიჩნევენ.

"რელიგიური ორგანიზაციის დაარსების მთავარი იდეა ის იყო, რომ გვწამს თავისუფლების და ამ თავისუფლების ერთ-ერთ შეზღუდვას სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდაში ვხედავთ. სწორედ ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ეს მექანიზმი, მიზნის მიღწევაში დაგვეხმარებოდა"- განმარტა ჯგერენაიამ.

როგორც აღმოჩნდა "გირჩის" ქმედება მორალურის გარდა, არც კანონის ფარგლებს სცდება.

"გირჩი" დაფუძნების მომენტიდან ამას ამბობდა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური არ უნდა არსებობდეს იმიტომ, რომ თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ მიჰყავთ ადამიანები და უფასო მუშახელად იყენებენ"- აღნიშნა ლევანმა.

"ბიბლიური თავისუფლების" მთავარი ორგანო ეპისკოპოსთა კრებაა. მის პრეროგატივას მსურველთა მღვდელმსახურებად კურთხევა და თავისუფლების ქადაგება წარმოადგენს.

აღნიშნული რელიგიური ორგანიზაციის სასულიერო წოდების მოპოვებაში არც ქალები არიან შეზღუდულები. მთავარი კრიტერიუმი კი თავისუფლების მაღალ ღირებულებად აღიარებაა. რელიგიური ორგანიზაციის წევრები მიზნისკენ სავალ გზაზე დაბრკოლებებს არ გამორიცხავენ, თუმცა, აცხადებენ, რომ ყველანაირი ბარიერის გადასალახავად მზად არიან.

myquiz