როგორი ტიპის ავტომობილებია პოპულარული საქართველოში | Allnews.Ge

როგორი ტიპის ავტომობილებია პოპულარული საქართველოში

საქართველოში ავტოპარკი ყოველწლიურად იზრდება. 2016 წელს ზრდის მაჩვენებელმა 8% შეადგინა, ხოლო 2014 წელთან შედარებით, ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა 16,8%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრმა საქართველოში რეგისტრირებული, ასევე, იმპორტირებული და რეექსპორტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ კვლევა ჩაატარა.

კვლევის თანახმად, ავტოპარკის 81,6%-ს მსუბუქი (მაღალი გამავლობის ჩათვლით) ავტომანქანები შეადგენს.

ავტოპარკის დიდი ნაწილი 10 წელზე ძველია, თუმცა იზრდება 4-6 წლიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა.

მსუბუქი ავტომანქანების უმრავლესობა (45%) სედანის ტიპისაა, თუმცა 2016 წელს უფრო მეტი მოთხოვნა იყო "ჰეჩბეკი" ძარის ტიპის მქონე ავტომანქანებზე.

ამასთან, შსს-ის ინფორმაციით, თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მოქალაქეთა ხვედრითი წილი რეგიონების მიხედვით 3-დან 4-მდე მერყეობს.

2016 წლის განმავლობაში ავტომანქანების იმპორტის მოცულობა 4,7%-ით გაიზარდა. იმპორტირებული ავტომანქანების 18% დიზელის ძრავიანია, 0,8% - აირზე მომუშავე, ხოლო ჰიბრიდების იმპორტმა 4-ჯერ მოიმატა. 2016 წელს იმპორტირებულია 34 ელექტრომობილი.

მსუბუქი ავტომობილების იმპორტი გაიზარდა

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტმა მთელი იმპორტის 38,9% შეადგინა.