რამდენია საქართველოს საგარეო ვალი და როდის მოგვიწევს მისი დაფარვა | Allnews.Ge

რამდენია საქართველოს საგარეო ვალი და როდის მოგვიწევს მისი დაფარვა

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი სამთავრობო სექტორისა და კერძო სექტორის საგარეო ვალებს მოიცავს, რომელსაც "საქართველოს ეროვნული ბანკი აწარმოებს". საქართველო საგარეო ვალს, ძირითადად, ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად იღებს.

"საქართველოს საგარეო ვალი, რაც დაახლოებით, 14 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, საგანგაშო მაჩვენებელი არ არის, რადგან ვალი მშპ-ს 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ჩვენი საგარეო ვალი კი მთლიანი შიდა პროდუქტის 45,4%-ს შეადგენს," - ამის შესახებ Allnews.ge-ს "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ განუცხადა.

რამდენია საქართველოს საგარეო ვალი და როგორია მისი დინამიკა წლების განმავლობაში?

2016 წელს, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი ,14,6 მლრდ აშშ დოლარი (34,6 მილიარდი ლარი) იყო, საიდანაც სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი 6,2 მლრდ აშშ დოლარია. 2015 წელს საქართველო საგარეო ვალი 14,1 მლრდ აშშ დოლარი იყო. უფრო ადრე, 2014 წელს საქართველოს საგარეო ვალი 13,5 მლრდ აშშ დოლარს (25,1 მლრდ ლარი) შეადგენდა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 81,4% იყო, რის გამოც, მომდევნო წლებში საგარეო ვალის ზრდის ტენდენცია შეინიშნება.

რაც შეეხება 2013 წლის მონაცემებს, ამ წელს, მთლიანმა საგარეო ვალმა 13,4 მლრდ აშშ დოლარი (22,2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 83,9% იყო. მომდევნო წლებთან შედარებით მცირე იყო საგარეო ვალი 2012 წელს, რადგან ის 11,4 მლრდ აშშ დოლარს (18,9 მლრდ ლარი) შეადგენდა, საიდანაც 3.8 მილიარდი აშშ დოლარი (6.3 მლრდ ლარი) სამთავრობო სექტორის ვალი იყო.

2011 წელს საქართველოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მართავდა, რა დროსაც, საგარეო ვალი 10,8 მლრდ დოლარს (17,9 მლრდ ლარი) შეადგენდა, სამთავრობო სექტორის ვალი კი 886,6 მლრდ აშშ დოლარი იყო. 2010 წელს, საქართველოს საგარეო ვალი შედარებით მცირე, 9379,7 მლნ აშშ დოლარი იყო, აქედან 3137,4 მლნ აშშ დოლარი კი სამთავრობო სექტორს ჰქონდა გადასახდელი, 2009 წელს კი სახელმწიფოს საგარეო ვალი 7781,3 მლნ აშშ დოლარი იყო (2325,8 სამთავრობო სექტორის).

2008 წელს, როდესაც საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ერთ-ერთი ფაქტორი აგვისტოს ომი გახდა. მაშინ, მთლიანი საგარეო ვალი 7093,4 მლნ დოლარს შეადგენდა, აქედან 2153,8 ლარი სახელმწიფოს უნდა დაეფარა.

"საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელის, გიორგი კეპულაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ვალები ისეთ პროექტებში დაიხარჯოს, რაც ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევს და არა სოციალურ დახმარებებში.

"პენსიების დარიგებისთვის ვალი არ უნდა აიღო, როგორც ამას საბერძნეთი აკეთებდა.

რა თქმა უნდა, სოციალური საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ  ეს ვალით არ უნდა ხდებოდეს. მნიშვნელოვანია, რომ აღებული თანხით დამატებითი ღირებულება და დოვლათი შევქმნათ," - განმარტავს ის.

"საგარეო ვალის დაახლოებით, 2/3 კერძო სექტორის მიერ არის აღებული, მათ შორის დიდი ნაწილი, ქართულ ბანკებში განთავსებული უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირების  დეპოზიტებია, რომლებიც საგარეო ვალად არ ითვლება. ისინი ქართულ ბანკებში ფულს ინახავენ, რაც შემდეგ გაიცემა და ეს საგარეო ვალად აღიარებული არ არის," - განმარტავს ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე.

მისი თქმით, სახელმწიფო საგარეო ვალის გადახდა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, უცხოურ ვალუტაში ხდება და ეროვნული ვალუტის გაუფასურების შემთხვევაში, ის ქვეყანას ტვირთად აწვება.

"ამჟამად ისეთ მოცულობის ვალი არ გვაქვს, რომ გადახდის პრობლემის წინაშე ვიყოთ.

თუ  ლარი გაუფასურდება ან კრიზისი მოხდება, ამ შემთხვევაში გაგვიჭირდება," - განმარტავს ის და დასძენს, რომ საგარეო ვალის გადახდის ვადები საკმაოდ გრძელია და მაქსიმუმ 25 წელიწადს შეადგენს.

საგარეო ვალს სახელმწიფო ძირითადად, "საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან", "ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიდან," "მსოფლიო ბანკიდან" და საერთაშორისო საინვესტიციო ორგანიზაციებიდან იღებს.

 

მარიამ მენაბდიშვილი