2018-2019 წლიდან, მოსწავლეს ყველა სახელმძღვანელოს ტარების ვალდებულება აღარ ექნება | Allnews.Ge

2018-2019 წლიდან, მოსწავლეს ყველა სახელმძღვანელოს ტარების ვალდებულება აღარ ექნება

2018-2019 სასწავლო წლიდან მოსწავლეს სკოლაში ყველა სახელმძღვანელოს ტარების საჭიროება და ვალდებულება აღარ ექნება. როგორც Ambebi.ge-ს განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა განუცხადა, მოსწავლეს შეუძლია სახელმძღვანელო დატოვოს სახლში და ელექტრონული სახელმძღვანელოთი ისარგებლოს, თუმცა თუ ის გადაწყვეტს სახელმძღვანელოს ტარებას, რადგან მისთვის უფრო მოსახერხებელი იქნება ბეჭდური რესურსებით სწავლა, მაშინ წიგნის წონა დარეგულირდება.

"სამინისტრომ გრიფირების ახალი წესის შემუშავების ფარგლებში სახელმძღვანელოების წონის შემსუბუქების მიზნით გაატარა მთელი რიგი ღონისძიებები, როგორც სახელმძღვანელოს შინაარსთან, ისე ტექნიკურ მახასიათებლებთან მიმართებაში. კერძოდ: შევიმუშავეთ დაწყებითი კლასების ახალი სასწავლო პროგრამები, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად - ახალი ტექნიკური პარამეტრები (შრიფტის ზომა, მანძილი სტრიქონებს შორის, ქაღალდის მასა, გარეკანი და სხვა.) და რეკომენდაცია მშობლებისა და სკოლებისათვის, ჩანთის მაქსიმალურ წონასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, დავგეგმეთ სახელმძღვანელოების ელექტრონულ ფორმატში ხელმისაწვდომობის ღონისძიებები.

სიახლეა ისიც, რომ მოსწავლეს სკოლაში ყველა სახელმძღვანელოს ტარების საჭიროება და ვალდებულება აღარ ექნება. ამისათვის მათ ელექტრონულ სახელმძღვანელოებს შევთავაზებთ. მოსწავლეს შეუძლია სახელმძღვანელო დატოვოს სახლში და ელექტრონული სახელმძღვანელოთი ისარგებლოს, თუმცა თუ ის გადაწყვეტს სახელმძღვანელოს ტარებას, რადგან მისთვის უფრო მოსახერხებელი იქნება ბეჭდური რესურსებით სწავლა, მაშინ წიგნის წონა რეგულირდება ზემოთქმული წესით.", - განაცხადა გიგაურმა.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ წონის შემსუბუქების მიღწევის ერთ-ერთი საშუალება, ასევე, არის სახელმძღვანელოს რამდენიმე ნაწილად დაყოფა, რაც გრიფირების წესით იქნება დაშვებული და გავრცელდება მოცულობითი სახელმძღვანელოებისათვის.

"იმ შემთხვევაში, თუ შინაარსობრივი სტანდარტების შესაბამისად, საჭირო იქნება უფრო მეტი მასალის შეტანა სასკოლო სახელმძღვანელოებში, ავტორებს მოეთხოვებათ სახელმძღვანელოს რამდენიმე ნაწილად დაყოფა ისე, რომ თითოეული ნაწილი არ იყოს სტანდარტით განსაზღვრულ წონაზე მეტი. ამდენად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 2018-2019 სასწავლო წლიდან, როდესაც განვახორციელებთ დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოების დანერგვას, ჩვენს მოსწავლეებს სრულად მოეხსნებათ სახელმძღვანელოების წონის პრობლემა", - აღნიშნა გიგაურმა.

myquiz