რას ითვალისწინებს თამბაქოს კონტროლის ამჟამად არსებული კანონი | Allnews.Ge

რას ითვალისწინებს თამბაქოს კონტროლის ამჟამად არსებული კანონი

"თამბაქოს კონტროლის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. თუმცა, საკანონმდებლო პაკეტის სრულად მიღებამდე 2 მოსმენა დარჩა. სანამ ცვლილებები, უშუალოდ ძალაში შევა, საინტერესოა, რას ითვალისწინებს მოქმედი კანონი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 155.3 მუხლი, თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციისთვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის სანქციებს ითვალისწინებს.

ასე მაგალითად, თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია, იმ სავაჭრო ობიექტში, სადაც წარმოებს ბავშვთა ტანსაცმლისა და სათამაშოების რეალიზაცია, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით. ხოლო, თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, სკოლაში, 18 წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულება-ორგანიზაციებსა და მათი კუთვნილი ტერიტორიებიდან 50 მეტრის დაშორებით, აგრეთვე ყველა სახის სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით. ჯარიმის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში, განმეორებით ჩადენილ სამართალდარღვევა, ისჯება 150 ლარიანი ფულადი ჯარიმით.

რაც შეეხება 18 წლამდე ასაკის პირზე თამბაქოს რეალიზაციას, კანონი 100 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

ასევე იზღუდება და 10 ლარით ჯარიმდება, სიგარეტის ღერების, კოლოფის რეალიზაცია, თუ მასში სიგარეტის 20 ღერზე ნაკლებია. დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში, ქმედების განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა 200 ლარია.

არასრულწლოვან პირებზე თამბაქოს პროდუქციის მიყიდვის ფაქტებზე კონტროლს  შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული დანაყოფები და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს. 2010-2016 წლებში არასრულწლოვან პირებზე თამბაქოს პროდუქციის მიყიდვის სულ 132 ფაქტი დაფიქსირდა. რაც შეეხება,  2015-2016 წლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დროის ამ მონაკვეთში, არც ერთი სამართლადარღვევა არ ფიქსირდება.

 

ნარიტა ჩხაიძე

myquiz