თბილისში მდინარის კალაპოტები შენობებისგან გამოთავისუფლდება | Allnews.Ge

თბილისში მდინარის კალაპოტები შენობებისგან გამოთავისუფლდება

თბილისში მდინარეების კალაპოტის შენობებისგან გათავისუფლება და რეკრეაციულ ზონებად მოწყობა იგეგმება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის თანახელმძღვანელმა, მერაბ ბოლქვაძემ განუცხადა.

აღნიშნული კალაპოტები ძირითადად, ვერე ხეობას, დუქნის ხევს (ლილო), გლდანის ხევსა და წოწორას ხევს (დიღომი) მოიცავს. მერაბ ბოლქვაძის თქმით, მდინარის კალაპოტები უნდა გამწვანდეს, რაც ქალაქში სუფთა ჰაერის გავრცელების საშუალებას შექმნის.

"ყველა დახურული მდინარე უნდა გაიხსნას.

კალაპოტები ლანდშაფტური სივრცეების სახით უნდა მოეწყოს, შეიძლება, მდინარეების კასკადი პატარა წყაროების სახით გაკეთდეს, მოეწყოს გამწვანებული სივრცეები. მდინარეები აუცილებლად უნდა სუნთქავდეს, მათი გადახურვა, შენობების ჩადგმა და ზედ მიწის დაყრა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. უნდა გვახსოვდეს 13 ივნისის მაგალითი,"- განმარტავს ის.

სპეციალისტებს კონკრეტული ლოკაციები უკვე შესწავლილი აქვთ. მერაბ ბოლქვაძის განმარტებით, კალაპოტები შენობებისგან უნდა გამოთავისუფლდეს.

"ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენობებს დღესვე მივადგებით და დავანგრევთ, მაგრამ ისინი კალაპოტში მდებარეობენ და ნიაღვარის ან ნალექის წამოსვლის შემთხვევაში, საფრთხის ქვეშ აღმოჩნებიან. ქალაქს ზოგადი ხედვა უნდა ჰქონდეს, რომ ასეთ ადგილებში არაფერი აშენდეს, ხოლო რა შეცდომაც დაშვებულია, გამოსწორდეს,"- განმარტავს ის.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში, მდინარის კალაპოტების მოწყობასთან დაკავშირებით გაწერილი კონკრეტული პროექტი, მაისში გახდება ცნობილი.

 მარიამ მენაბდიშვილი

იხილეთ ინგლისურენოვანი სტატია: Riverbeds to be freed from buildings in Tbilisi