რა ასაკია ოპტიმალური ბავშვის ბაღსა და სკოლაში მისაყვანად | Allnews.Ge

რა ასაკია ოპტიმალური ბავშვის ბაღსა და სკოლაში მისაყვანად

სკოლაში ან ბაღში მიყვანისას, ბავშვები ხშირად გარემოს ვერ ეგუებიან და აქტივობებში ჩართვაზე უარს აცხადებენ. ამის მიზეზად, როგორც წესი, ბავშვის ასაკი სახელდება, რაც საზოგადოებაში განხილვის საგანი არაერთხელ გამხდარა.

რა ასაკია ყველაზე ოპტიმალური ბავშვის ბაღსა და სკოლაში მისაყვანად?

ამ საკითხზე Allnews.ge ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძეს ესაუბრა, რომელმაც განმარტა, რომ ბავშვი ბაღში 2 წლის ასაკის შემდეგ უნდა შევიყვანოთ, რადგან ამ ასაკამდე მას ახლობლებთან მიჯაჭვულობა აქვს, მოვიანებით კი გარემოსთან ადაპტაცია და კომუნიკაცია შედარებით მარტივად შეუძლია.

"ყველა ბავშვი ასე არ იქცევა. თუმცა როდესაც ის ტირის, აქტივობებში არ ერთვება, არ ჭამს, მშობლებს ძირითადად გამოყავთ ხოლმე ან ცოტა ხნით ბავშვთან დარჩენის უფლებას ითხოვენ. ამ დროს, ჩვენთან როგორც წესი, ამბობენ "იტირებს და გაჩერდება," რადგან ბაღებს ბავშვის შეგუებისთვის კონკრეტული პოლიტიკა არ აქვთ, რაც მაგალითად, გერმანიაში ბაღებს გაწერილი აქვთ,"- განმარტავს ის.

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ბაღში 2 წლის ასაკის შემდეგ შევიყვანთ და გარემოს მაინც ვერ შეეგუება, თამარ გაგოშიძის თქმით, ეს არამხოლოდ მისი, არამედ შესაძლოა, გარემოს ან ოჯახის პრობლემა იყოს, რისთვისაც აუცილებელია ფსიქოლოგთან დაკავშირება.

პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება

"ზოგიერთ ბავშვს გარკვეული პერიოდის განმავლობაში სჭირდება, რომ ბაღში მისვლისას, მშობელი მასთან ერთად იყოს, შესაძლოა, ეს დედასთან ზედმეტი მიჯაჭვულობის გამო ხდებოდეს. ბავშვს ჰგონია, რომ დედა მას დატოვებს, ამ დროს შფოთვა იპყრობს და შეწუხებულია,"-განმარტავს ფსიქოლოგი.

თამარ გაგოშიძე აღნიშნავს, რომ ბავშვის მიერ ბაღში მინიმუმ 1 წლის განმავლობაში სიარული აუცილებელია, რათა მან მოგვიანებით სკოლასთან ადაპტაცია ადვილად შეძლოს. 5 წლის ასაკის ბავშვის სკოლაში შეყვანა კი ფსიქოლოგს გამართლებულად არ მიაჩნია.

"სკოლაში მისაყვანად ზოგიერთი 6 წლის ბავშვიც კი არაა მზად, რადგან ეს არამხოლოდ შემეცნებით, არამედ ემოციურ და ვნებელობით მზაობასაც გულისხმობს. მას ბევრი უნარი უნდა ჰქონდეს მომწიფებული, მოთხოვნით რაღაცის გაკეთება, გაკვეთილზე მინიმუმ 35 წუთით ჯდომა უნდა შეეძლოს. ისეთი მოთხოვნები უნდა შეასრულოს, რაც თვითონ არ სურს,"-განმარტავს ის.

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი სკოლასთან ადაპტაციას ვერ ახერხებს, პრობლემას მხოლოდ მშობელი ვერ აღმოფხვრის. თამარ გაგოშიძის თქმით, მნიშვნელოვანია სკოლისა და ფსიქოლოგის ჩართულობა, რათა ბავშვმა სასკოლო აქტივობებში მონაწილეობა მიიღოს.

ფსიქოლოგი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სკოლები და ბაღები ბავშვების მომზადებასა და ადაპტაციისთვის მზად არ არიან, რაც მშობელს დამატებით თავსატეხს უჩენს.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz