რა საფრთხეს გვიქმნის ქუჩაში ნაყიდი საკვები პროდუქტები | Allnews.Ge

რა საფრთხეს გვიქმნის ქუჩაში ნაყიდი საკვები პროდუქტები

მოქალაქეების ნაწილი, პროდუქციის რეალიზაციისთვის არასათანადო პირობების მიუხედავად, ქუჩაში გასაყიდან გამოტანილ პროდუქტებს იძენს, რადგან ფასები შედარებით ხელმისაწვდომია. სწორედ ღირებულების გამო ხშირად არ ვითვალისწინებთ იმ რისკებს, რომელსაც არასათანადო პირობებში განთავსებული პროდუქტები შეიძლება შეიცავდეს.

კვების ტექნოლოგ ლევან გულუას თქმით, ქუჩაში განთავსებული პროდუქტების შეძენით საკუთარ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვაყენებთ, რადგან გარდა იმისა, რომ მალფუჭებადი პროდუქტები სასარგებლო თვისებებს კარგავენ, შეიძლება, სხვადასხვა ტიპის დაავადებაც გამოიწვიონ:

გარევაჭრობა თბილისსა და ევროპის სხვა ქალაქებში

"ქუჩაში პროდუქტის განთავსების მთავარი რისკი ტემპერატურაა, რადგან პროდუქტები, რომლებიც მალფუჭებადად მიიჩნევა, 0 გრადუსზე 48 საათზე მეტი დროც არ ინახება, რადგან სასარგებლო თვისებებს კარგავს. განსაკუთრებით, ხორცი, რომელიც ამინომჟავების, ცილებისა და სხვა ვიტამინებისგან შედგება, მიკრობების ზრდისთვის განსაკუთრებულ გარემოს წარმოადგენს. უჯრედის შემადგენლობაში 70%-ს წყალი წარმოადგენს, ამიტომ ხორცი მიკრობებს ადვილად ითვისებს, რომლებიც მასზე მრავლდებიან და ჭამენ. გარევაჭრობის კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ყველა პროდუქტს მტვერი ედება, რომელში არსებული მიკროორგანიზმებიც დამაბინძურებული ფაქტორია, ამას ემატება ავტომობილების გამონაბოლქვი, რომელიც კარცეროგენულ ნივთიერებებს შეიცავს, რასაც სიმსივნის გამოწვევა შეუძლია. მგონი აღნიშნული საფრთხე საკმარისი მიზეზია, რომ გარეთ გამოტანილი პროდუქტები არ შევიძინოთ," - განმარტავს ის.

კვების ტექნოლოგის თქმით, დიდი რაოდენობით ცილის შემცველი პროდუქტები, ხორცი, თევზი და რძე, განსაკუთრებით საშიშია მაშინ, როდესაც არასათანადო პირობებში ინახება, რადგან მიკრობები ცილის ლპობას, ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების შემთხვევაში კი ამჟავებას იწვევს:

ადგილები, სადაც გარევაჭრობა ნებადართული იქნება

"თუნდაც ხილის შემთხვევაში, ისეთი პროდუქტი, როგორიც მარწყვია, მაცივარში 0 გრადუსზე ერთ კვირაზე მეტ ხანსაც კი არ ინახება, რადგან მალე ფუჭდება და ლპება. საერთოდ, ეს პროდუქტი მოკრეფის შემდეგ ბუნებრივ პირობებში არ უნდა შეინახოთ და მალევე მიირთვათ, რადგან ვარგისი ძირითადად 3 დღის განმავლობაშია," - განმარტავს ის და დასძენს, რომ დაუშვებელია ქუჩაში განთავსებული პურ-პროდუქტების შეძენა, რადგან მათი გარეცხვა შეუძლებელია, დიდი რაოდენობით მტვერი, გამონაბოლქვი და მიკრობები კი მის მოხმარებას სახიფათოს ხდის.

ლევან გულუას თქმით, გარევაჭრობის შემთხვევაში კიდევ ერთი პრობლემა მღრღნელებია, რომლებიც ინფექციის აქტიური გადამტანები არიან, მწერები კი პროდუქტების ხარისხს აქვეითებს და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

არასათანადო პირობებში განთავსებული პროდუქტების შეძენისგან თავის შეკავებას "სურსათის ეროვნული სააგენტოც" გვირჩევს, - "განსაკუთრებით საშიშია ხორცის და ხორცპროდუქტების, თევზის, რძის და რძის ნაწარმის, კვერცხის, მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა.

გარევაჭრობის ობიექტებში გაფუჭებული საკვები პროდუქტები აღმოაჩინეს

სურსათის ეროვნული სააგენტო გაფრთხილებთ - არასათანადო პირობებში განთავსებული სურსათი საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას!"- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ გარემოვაჭრეების მიერ რეალიზაციისთვის გამოტანილი პროდუქტების შემოწმება არცერთი უწყების მიერ არ ხდება, რადგან გარევაჭრობა უკანონო საქმიანობად მიიჩნევა, შესაბამისად, პროდუქციაზე მონიტორინგიც არ ხორციელდება.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz