"ისწავლე და იმუშავე" – "პალიტრა ჯგუფის" განსაკუთრებული შეთავაზება | Allnews.Ge

"ისწავლე და იმუშავე" – "პალიტრა ჯგუფის" განსაკუთრებული შეთავაზება

გასაუბრების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები 2 თვიან ტრეინინგისა და პრაქტიკის კურსს გაივლიან. პროექტი საინტერესოა იმით, რომ ერთთვიანი სწავლების კურსის გავლის შემდეგ, ნებისმიერ მონაწილეს საშუალება აქვს გაიაროს, ასევე ერთთვიანი პრაქტიკის კურსი, ხოლო საუკეთესო მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ დასაქმდებიან.

პროექტი "პალიტრა ჯგუფმა" უკვე განახორციელა 2015 და 2016 წლებში. 2016 წლის გამორჩეული კანდიდატი სალომე ბერიძე, ახლა უკვე პალიტრა ჯგუფის თანამშრომელია. იგი ახალ პროექტში მონაწილეობას ყველას ურჩევს, რადგან თვლის, რომ ეს არის უნიკალური შეთავაზება, რომელიც სწავლისა და დასაქმების შანსს ერთდროულად იძლევა.

სალომე, რატომ გადაწყვიტე პროექტში მონაწილეობა და რა ეტაპები გაიარე, რომ მოხვედრილიყავი?

როცა პროექტის შესახებ გავიგე, დასაქმებული არ ვიყავი. მანამდე გარკვეული სამუშაო გამოცდილება კი მქონდა, თუმცა არა გაყიდვების მიმართულებით. საკუთარი მონაცემების გამოგზავნის შემდეგ გასაუბრებაზე დამიბარეს. 2 დღეში კი დამირეკეს და მითხრეს, რომ 20 კაციან ჯგუფში მოვხვდი.

ტრეინინგები რა ფორმით ტარდებოდა და იქ მიღებული ცოდნა რამდენად გამოიყენე პრაქტიკაში?

ტრეინინგი გაყიდვებში 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ვისწავლეთ გაყიდვების ტექნიკები, კომუნიკაციები, დამკვეთებთან ურთიერთობა, როგორი უნდა იყოს შეხვედრა, რას უნდა მიაქციო შეხვედრაზე ყურადღება, პრეზენტაციის ტექნიკები და სხვა მსგავსი ტიპის საკითხები. საკმაოდ საინტერესო კურსი იყო. 4-5 საათს ვატარებდით ყოველდღიურად ტრეინინგ ცენტრში და როგორ გადიოდა ეს დრო, ვერც ვხვდებოდით. სასიამოვნო აქტივობები გვქონდა. ყველაფერი გუნდური მუშაობის პრინციპზე იყო დაფუძნებული. ხშირად გვქონდა სიმულაციები. ძალიან სასარგებლო იყო ყველაფერი, რაც ამ პერიოდში გვასწავლეს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესი არ იყო ტიპიური სალექციო კურსი. დიდი ყურადღება ექცეოდა გუნდურ მუშაობას. ამ პერიოდში მონაწილეები ისე დავახლოვდით, რომ ტრეინიგის შემდეგ საღამოებსაც ერთად ვატარებდით. ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა 2-მა თვემ. მივიღეთ ცოდნა და გავიჩინეთ ახალი მეგობრები.

დასაქმებული კანდიდატების შერჩევა როგორ მოხდა?

2 თვის შემდეგ მოეწყო პრეზეტაცია, რომელსაც ჰოლდინგის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. 20-ვე მონაწილემ გავაკეთეთ პრეზენტაციები წინასწარ შერჩეულ პროდუქტებზე. ამ პრეზენტაციების მერე იყო გასაუბრება და ტესტირება. საბოლოოდ კი 3 კანდიდატი დავსაქმდით ჰოლდინგში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

რას ურჩევ ადამიანებს, რომელბიც წელს აპირებენ ამ პროექტში მონაწილეობას?

ეს არის ძალიან კარგი შანსი, რომ მიიღო საჭირო ცოდნა. ყველას ვურჩევ მონაწილეობა მიიღოს. საბოლოოდ ჰოლდინგში დასაქმება რომ ვერ შეძლონ, ტრეინინგი მაინც ძალიან სასარგებლოა. აქ მიღებული ცოდნა დასაქმების პროცესს ნამდვილად ამარტივებს.