ბაგა-ბაღიდან საავადმყოფოში მოთავსებული 11-ვე ბავშვი უკვე გაწერეს | Allnews.Ge

ბაგა-ბაღიდან საავადმყოფოში მოთავსებული 11-ვე ბავშვი უკვე გაწერეს

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს ბაგა-ბაღიდან საავადმყოფოში მოთავსებულმა 11-ვე ბავშვმა კლინიკა გუშინ დატოვა, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განაცხადეს.

წნორის რაიონის კლინიკა "არქიმედე გლობალ ჯორჯიაში" სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს ბაგა-ბაღიდან 31 მარტს 9 ბავშვი მაღალი ტემპერატურით, ღებინებითა და გულისრევის სიმპტომებით გადაიყვანეს, 1-ელ აპრილს კი 2 ბავშვი მოათავსეს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გუშინ ბავშვები საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. უწყების ინფორმაციით, საქმეში ჩართულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და მიმდინარეობს მოკვლევა.

როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორმა მაია შაიშმელაშვილმა განაცხადა, აღნიშნული სიმპტომები არა საკვებს, არამედ ვირუსულ ინფექციას უკავშირდება. მისივე თქმით, საქობოს საბავშვო ბაღში უკვე იმყოფებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ბიუროდან ჯგუფი და დაიდო დასკვნა, რომ ბაღში სანიტარული ნორმები დაცულია, კვების პროდუქტების ვარგისიანობა ნორმაშია და კვებითი ინტოქსიკაცია გამოირიცხა.