უჩა ნანუაშვილი - პოლიციის ავტომობილში ან განყოფილებაში „გასაუბრების“ მანკიერი პრაქტიკა კვლავ პრობლემად რჩება | Allnews.Ge

უჩა ნანუაშვილი - პოლიციის ავტომობილში ან განყოფილებაში „გასაუბრების“ მანკიერი პრაქტიკა კვლავ პრობლემად რჩება

სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშში პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებსა და "პოლიციის ავტომობილში ან განყოფილებაში "გასაუბრების" მანკიერ პრაქტიკაზეა" საუბარი. როგორც სახალხო დამცველმა, მედიის წარმომადგენლებისთვის ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, ე.წ. გასაუბრების სარისკო პრაქტიკა არ უზრუნველყოფს პოლიციასთან ურთიერთობისას მოქალაქის უსაფრთხოებას.

"საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემად დარჩა პირთა თანხმობის გარეშე პოლიციის ავტომობილში ან პოლიციის განყოფილებაში "გასაუბრების" მანკიერი პრაქტიკა, რაზეც საქართველოს სახალხო დამცველი 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც საუბრობდა.

მსგავსი პრაქტიკის სამიზნე ძირითადად პენიტენციური დაწესებულებიდან ახალგამოსული ან ისეთი პირები არიან, რომლებიც პოლიციის თანამშრომელთა მიერ აღიქმებიან, როგორც "რისკ-ჯგუფი" თავიანთი კრიმინალური წარსულის ან სხვა მიზეზების გამო.

ამის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ დ.ს.-ს საქმე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. წერილში, რომელიც მისი გარდაცვალების მერე იპოვეს და სავარაუდოდ მას ეკუთვნის, პოლიციელის მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობაზეა საუბარი, ნარკოდანაშაულის გამოვლენის მიზნით. დ.ს.-ს საქმეზე სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების ჩატარებაა საჭირო, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ასევე შემაშფოთებელი ტენდენციაა, რომ შესწავლილი სისხლის სამართლის საქმეებიდან თითქმის ნახევარ შემთხვევებში დაკავებულ პირს საერთოდ არ ჰყოლია ადვოკატი.

"სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში პოლიციის სამმართველოში პირთა შეყვანის დრო წინ უსწრებს მათი ფორმალური დაკავების დროს. ასეთ დროს, როგორც წესი, პირს იძახებენ მოწმის სახით, მის მიმართ ატარებენ გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებებს და შემდეგ აკავებენ ოფიციალურად.

თუმცა, მოწმის სტატუსით მიყვანის დროსაც პირს არ უმარტავენ უფლებებს, მათ შორის, უფლებას ადვოკატზე; ართმევენ პირად ნივთებს, მათ შორის, მობილურ ტელეფონს, რითაც მიზანმიმართულად უზღუდავენ ოჯახისა და ადვოკატის ინფორმირების უფლებას", - განაცხადა ნანუაშვილმა.

myquiz