როგორ შეიცვალა საქართველოს დემოგრაფიული მაჩვენებლები | Allnews.Ge

როგორ შეიცვალა საქართველოს დემოგრაფიული მაჩვენებლები

2008 წლის შემდეგ დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში მესამე და მომდევნო შვილების წილი გაიზარდა. პირველი შვილის წილი შემცირდა. ხოლო მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა. საქსტატის ცნობით, ეს ტენდენცია 2016 წელსაც გაგრძელდა და წინა წელთან შედარებით

მესამე და მომდევნო შვილის წილი 1,2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

რაც შეეხება დაბადებულთა რიცხოვნობას, 2016 წელს ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობამ 56 569 შეადგინა, მათ შორის 28 887 ბიჭი და 27 682 გოგო დაიბადა, რაც "საქსტატის" ინფორმაციით, 4,5 პროცენტით ნაკლებია, რადგან ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა 2015 წელს სრულად არის 6 249.

გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით 3,4 პროცენტით გაიზარდა და 50 771 შეადგინა. 

საქსტატმა ქორწინებებისა და განქორწინებების გასული წლის სტატისტიკაც გამოაქვეყნა.

ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს 9 539 წყვილი განქორწინდა, რაც 427-ით მეტია 2015 წელთან შედარებით.  განქორწინების ყველაზე მეტი წილი 3 064 ერთეული იმ წყვილებზე მოდის, რომელთაც ქორწინებაში დაახლოებით 4 წელი გაატარეს, მას მოსდევს 2 296 ერთეულით 20 და მეტი ხანგრძლივობის ქორწინების მქონე წყვილთა განქორწინება, 2 274 განქორწინება დაფიქსირდა 5-დან 9 წლამდე ქორწინებაში მყოფ წყვილებზე. 2016 წელს განქორწინებული წყვილების უმრავლესობა პირველ ქორწინებაში იმყოფებოდა.

"საქსტატის" ცნობით, 2016 წელს რეგისტრირებული განქორწინებების ყველაზე დიდი რაოდენობა 3 688 ერთეული თბილისზე მოდის, 2015 წელთან შედარებით ეს მაჩვენებლი 87 ერთეულით გაიზარდა. გასულ წელს 1 450 რეგისტრირებული განქორწინება დაფიქსირდა იმერეთში, 982 კი ქვემო ქართლში. ყველაზე ცოტა 56 განქორწინება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დარეგისტრირდა.

რაც შეეხება ქორწინებებს, გასულ წელს საქართველოში 25 101 ადამიანი დაქორწინდა და 2015 წელთან შედარებით ქორწინების რიცხვმა 4 056 ერთეულით დაიკლო.

საქსტატის ცნობით, ყველაზე მეტი ქორწინება 20-24 და 25-29 წლის ახალგაზრდებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ 20-დან 24 წლამდე 7 978 ქალი, ხოლო 25-დან 29 წლამდე 7 174 კაცი დაქორწინდა.

საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს ყველაზე მეტი 7 304 ქორწინება თბილისში დარეგისტრირდა, თუმცა ეს რიცხვი 2015 წლის მონაცემზე (8 249 ქორწინება) 945 ერთეულით ნაკლებია. 3 832 ქორწინება დარეგისტრირდა იმერეთში, 2 631 კი აჭარაში. 2016 წელს ყველაზე ცოტა, 203 ქორწინების რეგისტრაცია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაფიქსირდა.

myquiz