რა რაოდენობის შაქარი უნდა მივიღოთ დღეში? | Allnews.Ge

რა რაოდენობის შაქარი უნდა მივიღოთ დღეში?

შაქრის მოხმარება მხოლოდ ჭარბწონიანობას კი არა, სიკვდილსაც იწვევს - მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში, შაქრის დიდი ოდენობით მოხმარება, გულსისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის რისკს ზრდის.

გულის ამერიკული ასოციაციის რეკომენდაციის თანახმად, ქალმა შაქრისგან დღეში 100 კალორიაზე მეტი არ უნდა მიიღოს, რაც დაახლოებით, 6 ჩაის კოვზს უდრის, მამაკაცს შაქრისგან 150 კალორიის მიღება შეუძლია - ანუ დაახლოებით, 9 ჩაის კოვზის ოდენობის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს, შაქრის მოხმარებისგან მიღებული კალორიები, ყოველდღიურად მიღებული კალორიების 10%-ზე ნაკლებს შეადგენდეს.

კვლევებმა აჩვენა, რომ შაქრის შემცველობით განსაკუთრებით სხვადასხვა სახის გამაგრილებელი სასმელი გამოირჩევა.

მათი ხშირი მოხმარება კი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ისეთ პრობლემებს იწვევს, როგორიც ჭარბწონიანობა, სისხლის მაღალი წნევა, მეორე კატეგორიის დიაბეტი, ინსულტი და გულის სხვა დაავადებებია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევების თანახმად, რომელშიც 2014 წლისთვის 31 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მოზარდების 71% კალორიების 10%-ს შაქრისგან, ხოლო მოზარდების 10% - კალორიების საერთო რაოდენობის 25%-ს, შაქრის შემცველი პროდუქტებისგან იღებს.

მეცნიერებმა ასევე შეისწავლეს შაქრის მოხმარებისა და სიკვდილიანობის ურთიერთკავშირი.

მიღებული შედეგების თანახმად, ადამიანები, რომლებიც კალორიების 21%-ს შაქრისგან იღებენ, გულსისხლძარღვთა დაავადებებისგან გამოწვეული სიკვდილის გაორმაგებული რისკის წინაშე არიან.

მეცნიერები გვირჩევენ, რომ, ზემოთ ჩამოთვლილი, სასიკვდილო დაავადებებისგან თავის აცილების მიზნით, შაქარი ყოველდღიური რაციონიდან ან ამოვიღოთ, ან მკვეთრად შევამციროთ მისი რაოდენობა.

myquiz