ბუნკერები თბილისში - სად შევაფაროთ თავი საგანგებო სიტუაციის დროს | Allnews.Ge

ბუნკერები თბილისში - სად შევაფაროთ თავი საგანგებო სიტუაციის დროს

სამოქალაქო თავდაცვა სახელმწიფოს თავდაცვითი სისტემის შემადგენელი ნაწილია, რომლის მიზანი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ის საგანგებო სიტუაციის შესახებ მოსახლეობისთვის შეტყობინების გაგზავნას, მათთვის თავშესაფრებისა და თავდაცვის ინდივიდუალური საშუალებების გამოყოფას ითვალისწინებს.

სამოქალაქო თავდაცვის საშუალებებად, როგორც ბუნკერები და მიწისქვეშა გადასასვლელები, ისე მეტრო და სარდაფები მიიჩნევა. გარდა ამისა, როგორც საგანგებო სიტუაციების, ისე სტიქიების დროს, წინასწარი მომზადების საფუძველზე, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, შენობის ჩამონგრევის, ნანგრევებში მოყოლის, მიწისძვრის, წყალდიდობის დროს თავი როგორ დაიცვან.

miwisqveshbunkeri-1626940520.jpg

რამდენად მზადაა საქართველოს მოსახლეობა საგანგებო სიტუაციებისა და ბუნებრივი კატასტროფების შემთხვევაში თავის დასაცავად და რა მექანიზმები არსებობს ამისთვის?

სპეციალისტების თქმით, საბჭოთა კავშირის პერიოდში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბევრი ბუნკერი და მიწისქვეშა გვირაბი ფუნქციონირებდა, რომელთა ძირითადი ნაწილიც დღეს პრივატიზებული ან უყურადღებობის გამო გამოუსადეგარია.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის "არსენალის" მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის თქმით, საგანგებო სიტუაციების დროს თავის შესაფარებლად რამდენიმე ახალი ბუნკერი ახლაც შეიქმნა, თუმცა მათ ადგილსამყოფელს ვერ ასახელებს.

aladashvili-1626940290.jpg

"საბჭოთა პერიოდში ასეთი ბუნკერების მშენებლობა ძვირი ჯდებოდა და ძირითადად, მმართველი ორგანოებისთვის იყო განკუთვნილი. შემდგომში, ბირთვული და სხვა თავდასხმის საშუალებების განვითარების შემდეგ, ბუნკერები ნაკლებად პრიორიტეტული გახდა, რადგან არსებობს ზოგიერთი რაკეტა, რომელიც მიწაში 60 მეტრის სიღრმეზე ჩადის და ფეთქდება. ძნელია თქვა, რამდენი ბუნკერი დარჩა საქართველოში, რადგან მათი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ იყო" - აღნიშნავს სამხედრო ექსპერტი.

ირაკლი ალადაშვილი ასევე დასძენს, რომ თავის შესაფარებლად მეტროებიც გამოიყენება, რომელთა ინფრასტრუქტურაც ამის საშუალებას იძლევა.

"მეტროში, ესკალატორთან, იატაკზე, კედლებზეც და ჭერზეც რკინებია დაფარებული. საგანგებო სიტუაციის დროს, მეტროს დასაკეტად ჰერმეტული კარი გამოდის, რათა გასასვლელი ჩაკეტოს.

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, მუშაობს თუ არა ჰაერის გამწმენდი და წყლის სატუმბი, რათა ამდენი ხალხის ერთად მოხვედრის შემთხვევაში, რთული სიტუაცია არ შეიქმნას,"- აღნიშნავს ის.

ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძის განმარტებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, მოსახლეობა სამოქალაქო თავდაცვის თვალსაზისით, მზად არ იყო.

salukvadze-1626940364.jpg

"არანაირი გამაფრთხილებელი სიგნალი და ინსტრუქცია არ ყოფილა, ვინ სად უნდა წასულიყო, როგორ მოქცეულიყო. ასეთი სიტუაციისთვის მოსამზადებლად არამხოლოდ ინსტრუქციების შემუშავება და სწავლება, არამედ ინდივიდუალურად მოქმედებაც არის საჭირო. მაგალითად, როცა ომის საფრთხე არსებობს, სახლში რამდენიმე კონსერვი, შაქარი, ფქვილი და ასეთი პროდუქტები მომარაგებული უნდა გვქონდეს, ხელისუფლებამაც მოსახლეობა წინასწარ უნდა გააფრთხილოს"- განმარტავს ის.

სამოქალაქო თავდაცვა მოსახლეობისთვის თავშესაფრებისა და ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებების გამოყოფას, ტექნოგენური კატასტროფის ან სტიქიის დროს სამაშველო სამუშაობის ჩატარებას, რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური და სხვა სახის დასნებოვნების კერების აღმოჩენას, ფასეულობებისთვის სამაშველო სამუშაოების ჩატარებასა და ხელისუფლების მხრიდან მთელ რიგ სამუშაოებს გულისხმობს, - განმარტავს ამირან სალუქვაძე და დასძენს, რომ დაბომბვის ან სხვა ტიპის საგანგებო სიტუაციის დროს, მეტროსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში თავის შეფარება ოპტიმალური გამოსავალია.

metro_saburtalo.jpg

რაც შეეხება სტიქიას, რომელიც საქართველოში არცთუ იშვიათად ხდება (ძირითადად, მაღალმთიან რეგიონებში დიდთოვლობის დროს, როდესაც გზები იკეტება), ამირან სალუქვაძე აღნიშნავს, რომ ასეთი საკითხების მოსაგვარებლად ცალკე უწყება უნდა შეიქმნას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არ იქნება და სამუშაოებს ცალკე ჩაატარებს.

სტიქიის დროს სპეციალისტები გვირჩევენ, რომ პანიკაში არ ჩავვარდეთ, ჩვენი ცოდნა უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ, საომარი ვითარების დასრულების შემდეგ, დანაღმულ ტერიტორიას მოვერიდოთ, რადგან იქ შეიძლება ნაღმები დარჩენილი იყოს და უბედური შემთხვევა მოხდეს, საგანგებო სიტუაციის დროს მოვერიდოთ ლიფტს, რადგან ამ დროს მასში ჩაკეტვა საფრთხის შემცველია ( შესაძლოა, ელექტროენერგია გაითიშოს ან ვიბრაციამ მექანიზმი დააზიანოს).

აღსანიშნავია, რომ "საგანგებო სიტუაციების მართვის" სააგენტო, რომელიც შსს-ის ერთ-ერთი დეპარტამენტია, სწორედ საგანგებო სიტუაციების დროს, ევაკუციასა და კრიზისული სიტუაციების მართვაზე მუშაობს. დეპარტამენტის ინფორმაციით, სამალავებისა და ბუნკერების შესახებ ინფორმაცია საიდუმლოა, ასევე, სტიქიის დროს არსებობს ევაკუაციის გეგმა, რომელსაც უწყება შესაბამის სიტუაციაში გამოიყენებს.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz