საქართველოს ყველაზე ცხელი, ცივი, ქარიანი და უხვნალექიანი ადგილები | Allnews.Ge

საქართველოს ყველაზე ცხელი, ცივი, ქარიანი და უხვნალექიანი ადგილები

საქართველოს ტერიტორია ანომალიური ტემპერატურით არ ხასიათდება. ოთხივე სეზონის განსხვავებულ კლიმატურ პირობებს შეჩვეულები ვართ და როგორც წესი, ჩრდილოეთის ქვეყნების მსგავსი ზამთრისა და ევროპისა და სამხრეთის ქვეყნების მსგავსი ზაფხულის გადატანა არ გვიწევს.

მზის რადიაციის რეჟიმით საქართველო სუბტროპიკულ სატყელშია, სადაც ანომალიური კლიმატური პირობები იშვიათად ფიქსირდება. თუმცა, ზოგიერთი ტერიტორია განსაკუთრებულად უხვნალექიანი ან ქარიანი ამინდით, ცივი ან ცხელი ტემპერატურით გამოირჩევა.

საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე მაღალი საშუალო წლიური ტემპერატურით კოლხეთის დაბლობი გამოირჩევა. რაც შეეხება ყველაზე ცხელ ამინდს, 2000 წელს ფოთში 45,1ºC, თორსაში 45,5ºC,  სამტრედიაში კი 44ºC  დაფიქსირდა.

ტერიტორიული განაწილების მიხედვით, დასახლებული პუნქტებიდან ყველაზე დაბალი საშუალო წლიური ტემპერატურით, სამხრეთ საქართველოს მთიანეთი (წალკა-ახალქალაქის მუნიციპალიტეტები) გამოირჩევა. ყველაზე დაბალი ტემპერატურა წალკაში 2014 წელს, -33,4ºC გრადუსი დაფიქსირდა. დაბალი ტემპერატურით გამოირჩევა ყაზბეგიც. 1983 წელს აქ -42ºC იყო.

როგორი ამინდია მოსალოდნელი აპრილის პირველ რიცხვებში

კოლხეთის დაბლობი არამხოლოდ ყველაზე ცხელი, არამედ, ერთ-ერთი ყველაზე ტენიანი ადგილიცაა. ქობულეთში საშუალო წლიური ტენიანობა 83%, ფოთში კი 79%-ია. ტენიანობით მაღალმთიანი რეგიონებიც გამოირჩევა. მაგალითად, გოდერძის გადასასვლელზე ტენიანობა 86%-ია, ხოლო მთა საბუეთზე - 84%.

ყველაზე ქარიანი ადგილი საქართველოში, დიდი დიღომი ნამდვილად არ არის. დასახლებული პუნქტებიდან, ამ მხრივ, ფარავანი 50მ/წმ-ით და ქუთაისი 49 მ/წმ-ით ლიდერობს. დაუსახლებელი პუნქტებიდან ყველაზე ქარიანი ტერიტორიების რიგებში ზეკარის გადასასვლელი, მამისონისა და ჯვრის უღელტეხილები 50 მ/წმ ქარით მოხვდა.

ყველაზე უხვნალექიან ტერიტორიად კი აჭარის შავიზღვისპირა ზოლი, კერძოდ მთა მტირალა მიიჩნევა. აქ ნალექების წლური ჯამი 4000-4500 მმ-ს შეადგენს. მეტეოროლოგიური დაკვირვების მონაცემით, წლიური ნალექების უდიდესი რაოდენობა ჩაქვში (2600-2700 მმ) აღინიშნება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე დიდი რაოდენობით ნალექი 1985 წელს 288,5 მმ თორსაში მოვიდა, 1988 წელს კი ბათუმში ნალექმა დღე-ღამეში 275,6 მმ-ს მიაღწია.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz