რა ცვლილებები განხორციელდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში | Allnews.Ge

რა ცვლილებები განხორციელდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

2017 წლის გაზაფხულზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც ის, ვინც კერძო დაზღვევით სარგებლობს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებს. სადაზღვეო კომპანიები ვალდებულები იქნებიან, ჯანდაცვის სამინისტროს განახლებული სიები მუდმივად მიაწოდოს, რათა სახელმწიფომ პირის დაზღვევაში ორმაგი ხარჯი არ გასწიოს.

ასევე, საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეების რაოდენობა, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი 40 000 ლარს არ აღემატება 300 000-ს შეადგენს. მათ კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტით სარგებლობის პრივილეგია არ ეძლევათ.

"მათ ექნებათ ასეთი არჩევანი: ან უნდა ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი, ან უნდა აიღონ კერძო სადაზღვევო პაკეტი. ორივეთი ერთად სარგებლობის უფლება, პრივილეგია, მათ არ მიეცემათ. საყოველთაო ჯანდაცვაში მათ არსებულ პაკეტში გარკვეული ცვლილებები მოხდება. ის არის საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანი, რომელმაც გარკვეული, მცირე დანახარჯი უნდა გასწიოს თავის ჯანდაცვისათვის, რათა დაზოგილი თანხები გადავამისამართოთ მედიკამენტის კომპონენტში და მივცეთ მედიკამენტები მათ, ვისაც ეს ყველაზე უფრო მეტად სჭირდება.

თუკი აქამდე ურგენტული სტაციონარი უფინანსდებოდათ 100%-ით, ამ პროექტის მიხედვით დაუფინანსდებათ 90%-ით და 10 % უნდა გადაიხადონ თვითონ. ჩნდება თანაგადახდის კომპონენტი. თუკი გეგმურ სტაციონარში რაიმე მკურნალობა ჯდება 1000 ლარზე ნაკლები, ასეთ შემთხვევაში მათ თვითონ უნდა გადაიხადონ ეს თანხა. თუკი, ათას ლარს აცდა, 1001 ლარიდან ზევით, მათზე უკვე განხორციელდება ის ლოგიკა, რითაც მუშაობს საყოველთაო ჯანდაცვა. გეგმურში ეს არის 70%-იანი გადახდა სახელმწიფოს მხრიდან, 30% მათ მიერ,"-განმარტა დავით სერგეენკომ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება:

პირველი - მიზნობრივი ჯგუფებია, რომელშიც შედიან 0-5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები, სოციალურად დაუცველები.

მეორე კატეგორიაა მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000-ლარზე მეტია. ასეთი საქართველოში 32 000 ადამიანია. შემდეგია საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი 40 000 ლარს არ აღემატება, მათი რაოდენობა 300 000-ია.

მეოთხე კატეგორიაა მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა. მათი რაოდენობა 102 000-ია. შემდეგი კატეგორიაა 6-18 წლამდე მოზარდები, სულ 503 000 ადამიანი. მეექვსე კატეგორიაა დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები. ყოველთვიურად 900 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები და თვითდასაქმებულები.

 მშობარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსება უკლებლივ ყველა ჯგუფს შეუნარჩუნდება:

"სახელმწიფო გააგრძელებს ზრუნვას მშობიარობის დაფინანებისას, მიუხედავად იმისა, რომელიმე ჯგუფის მოქალაქე დარჩება თუ გადავა კერძო დაზღვევაში. ასევე მეორე ძალიან სპეციფიური საკითხია ონკოლოგია. პირობითად მდიდრების ჯგუფში, თუკი ისინი კერძო პაკეტს აიღებენ, მათ რჩებათ სახელმწიფო პროგრამები და მშობიარობის დაფინანსება, მაგრამ არა ონკოლოგიის.

საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები თუკი აირჩევენ გადასვლას, სახელმწიფო საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებში ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს ზრუნვას თუკი მათ ონკოლოგიის გამო დასჭირდათ ქიმიოთერაპია და დაბალი შემოსავლის მქონეებში გააგრძელებს ზრუნვას როგორც ქიმიოთერაპიას, ასევე ჰორმონოთერაპიას და სხივურ თერაპიას", - განმარტა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა და პროგრამის მიზანი საქართველოს მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის დაცვის ფინანსური უზრუნველყოფის შექმნა იყო, რათა სამედიცინო მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz