თბილისში ახალი პარკები მოეწყობა | Allnews.Ge

თბილისში ახალი პარკები მოეწყობა

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა რეკრეაციული ზონების მოწყობასაც გულისხმობს. პროექტზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს და კონკრეტული ლოკაციებიც განისაზღვრა.

გენგეგმის პროექტის ჩაბარების ბოლო ვადა 15 აპრილია, ორგანიზაციის ხელმძღვანელის ვარაუდით გეგმას საკრებულო რამდენიმე თვეში დაამტკიცებს.

თბილისის გენგეგმაზე "სითი ინსტიტუტ საქართველოს" დირექტორი, მამუკა სალუქვაძე მუშაობს. მისი თქმით, რეკრეაციული ზონების მოწყობა დიდუბეში, თემქაზე, ელიავას ტერიტორიაზე, იპოდრომზე და დიღომში იგეგმება. სალუქვაძის განცახდებით, ქალაქის პერიფერიებმა თავიანთი დატვირთვა უნდა შეიძინონ.

ბიზნესცენტრების გადატანა

"სითი ინსტიტუტ საქართველოს" დირექტორის თქმით, ბიზნესცენტრები, ძირითადად, ქალაქის ცენტრალურ უბნებშია მოწყობილი, რის გამოც, პერიფერიებში მაცხოვრებლებს მომსახურების მისაღებად დიდი მანძილის გავლა უწევთ.

"ერთ-ერთ ასეთ უბნად, დიდუბე განისაზღვრა, სადაც დიდუბე-ნავთლუღის დამაკავშირებელი რკინიგზისგან გათავისუფლების შემდეგ, რეკრეაციული ზონის მოწყობა იგეგმება. უბანი თავის დატვირთვას შეიძენს,"-განმარტავს ის. სპეციალისტის თქმით, ქალაქი პოლიცენტრული უნდა გახდეს, რაც ხელს მის განვითარებასა და მოსახლეობის მიერ მომსახურების კომფორტულად მიღებას შეუწყობს.

რეკრეაციული ზონები

ელიავას ტერიტორიაზე, სადაც სავაჭრო ობიექტებია მოწყობილი, რეკრეაციული ზონის მოწყობა და გამწვანება იგეგმება.

"ელიავას ბაზრობაზე დასაქმებულებისთვის თბილისის მერიის მხრიდან ალტერნატიული ტერიტორიის შეთავაზება მოხდება, თუმცა, კონკრეტული ტერიტორიები ჯერ კიდევ განსაზღვრული არ არის, რადგან ამ საკითხზე მოლაპარაკებები კერ კიდევ მიმდინარეობს. მათი სამუშაო ადგილები ქალაქის ტერიტორიაზე იქნება, რათა ადამიანებმა სამსახურები არ დაკარგონ და მათი უფლებები დაცული იყოს,"-აღნიშნავს ის.

თემქაზე, ორ მიკრორაიონს შორის არსებულ ხევში, რომლის ფართობიც დაახლოებით, 10 ჰექტარია, მამუკა სალუქვაძის განმარტებით, პარკი მოეწყობა. "უკვე ათწლეულებია, ქალაქში პარკი აღარ გაშენებულა, რეკეაციული ზონის მოწყობა სწორედ ამის გამო შევთავაზეთ მერიას,"-დასძინა სალუქვაძემ.

"სითი ინსტიტუტ საქართველოს" დირექტორის განმარტებით, რეკრეაციული ზონის მოწყობა იპოდრომის ტერიტორიაზეც იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მიწათმშენებლობის გენერალური გეგმის განხორციელება 2030 წლამდე იგეგმება.

მარიამ მენაბდიშვილი

 

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: New parks to be constructed in Tbilisi districts

myquiz