როგორ დავზოგოთ თანხა ენერგოეფექტური სახლების მეშვეობით | Allnews.Ge

როგორ დავზოგოთ თანხა ენერგოეფექტური სახლების მეშვეობით

ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადი, ბევრი ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება, ამიტომ თუ ბინას ვყიდულობთ, მისი ენერგოეფექტურობის შესახებ მეპატრონეს ან კომპანიას აუცილებლად უნდა ვკითხოთ. იმ შემთხვევაში თუ ფინანსები საკუთარი სახლის აშენების საშუალებას გვაძლევს, უმჯობესია, ის ენერგოეფექტური იყოს, რადგან ერთხელ გაწეული ხარჯი საშუალებას მოგვცემს, მომავალში თანხები დავზოგოთ.

სამშენებლო კომპანიის დირექტორის, მალხაზ ავალიანის თქმით, დაახლოებით 180 კვ.მ ფართობის პირობებში, ენერგოეფექტური სახლი ბუნებრივი აირის გადასახადს 30-35%-ით დაგიზოგავთ.

"რაც შეეხება სამშენებლო მასალას, საკუთარი სახლების მშენებლობა ფოლადის კონსტრუქციისგან ხდება. მისი საშუალებით, მაქსიმუმ სამ სართულიანი საცხოვრებლის აშენებაა შესაძლებელი. რაც შეეხება დაშენებებს, რასაც ძირითადად, ქალაქის ცენტრში, საბურთალოზე ვაკეთებთ ხოლმე, ჩვენ არ გვჭირდება მძიმე ტექნიკის გამოყენება, რადგან ფოლადის კონსტრუქცია, გარდა იმისა, რომ ენერგოეფექტურია, დაშენებისთვის უალტერნატივოა,"-აღნიშნავს ავალიანი.

სახლების მშენებლობა, რემონტიანად, დაახლოებით 2-3 თვეში სრულდება.

"კონსტრუქცია იმის გარანტია, რომ მიწისძვრის დროს სახლი არ დაიშლება და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნის, რადგან ეს გარკვეულწილად მოძრავი კონსტრუქციაა და შეუძლია, რომ მიწის რხევას აჰყვეს და შემდეგ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდეს,"-განმარტავს სპეციალისტი და დასძენს, რომ ენერგოეფექტურ სახლებს როგორც ქალაქის ცენტრში, ისე გარეუბნებში აშენებენ, მაგრამ უფრო მეტად, მშენებლობა პერიფერიებში, დიღომსა და წყნეთში ხდება.

ენერგოეფექტური, შეიძლება რკინა-ბეტონის კონსტრუქციაც იყოს, თუ მას შესაბამის გათბობას დავუმონტაჟებთ.

"მას გარედან დაცულობა ანუ სწორი "დათბუნება" სჭირდება. გამათბობელი ძალიან ბევრია, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომელი და სად გამოვიყენოთ. წესების დარღვევით დამონტაჟებული ნებისმიერი სახის მასალა შედეგს არ იძლევა,"-განმარტავს მალხაზ ავალიანი.

რაც შეეხება ენერგოეფექტური საკუთარი სახლების მშენებლობის ღირებულებას, კომპანიის დირექტორის თქმით, ფასი პროექტისა და ადგილმდებარეობის მიხედვით განისაზღვრება და 1 კვ.მ-ზე განსხვავება, შესაძლოა, 150$-იც იყოს.

ენერგოეფექტური სახლები აგურისა და პერლიტისგანაც შენდება, რომლებიც თბოიზოლაციის თვალსაზრისით, საკმაოდ ეფექტურია. სპეციალისტ, შალვა გივიშვილის თქმით, აგურით მშენებლობის შემთხვევაში, რომელიც შემდეგ თიხით გაილესება, როგორც ენერგოეფექტურ, ისე ეკოლოგიურ სახლს მივიღებთ. რაც შეეხება პერლიტს, ისე ვულკანური ქანია, რომელიც საქართველოში მოიპოვება.

"პერლიტი გამოწვის შემდეგ მსუბუქდება, ფორებით ივსება და ფუვდება.

მისი გამოყენებით აშენებული სახლი, თბოიზოლაციის თვალსაზრისით, ძალიან ეფექტურია,"-აღნიშნა მან.

რაც შეეხება კორპუსებს, მათი მშენებლობა, ძირითადად, გაზობეტონით ხდება, რომელიც ზამთარში სითბოს ინარჩუნებს და დაახლოებით, 23%-ით ენერგოეფქტურია.

ენერგოეფექტური სახლის ძირითადი პრინციპი შესაბამისი ტემპერატურის შენარჩუნებაა, რომელიც გათბობისა და ვენტილაციის გამოყენების ხარჯზე უნდა მოხდეს, შესაბამისად, თავად გადაწყვიტეთ, ენერგოეფექტურ ბინაში შედარებით მეტს გადაიხდით, თუ ჩვეულებრივი კონსტრუქციის მქონე სახლში იცხოვრებთ.

მარიამ მენაბდიშვილი

 

myquiz