როგორ მოვაწყოთ ელექტროგაყვანილობა ხანძრის თავიდან აცილების მიზნით | Allnews.Ge

როგორ მოვაწყოთ ელექტროგაყვანილობა ხანძრის თავიდან აცილების მიზნით

ალბათ, გსმენიათ, რომ ხანძრის კერა ხშირად ელექტროგაყვანილობაა ხოლმე, მისი წარმოქმნის მიზეზი კი არასწორად გაყვანილი ელექტროსადენები ან ტექნიკური საშუალებებია.

ტექნიკურ მეცნიერებათა პროფესორის, თემურ ხუნდაძის თქმით, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, ყველა ტიპის ელექტროსადენი კედელში ჩამონტაჟებული და დაფარული უნდა იყოს.

"ელექტროგაყვანილობის გაკეთებისას ყველა შეერთება ძალიან მყარი და საიმედო უნდა იყოს, ყოველგვარი მოშვებული და არამყარად შეერთებული სადენი, კონკრეტულ ადგილზე გამტარის გადახურებას იწვევს, შემდეგ ნაპერწკალი ჩნდება, რასაც, ხანდახან ხანძარიც მოსდევს ხოლმე," -განმარტავს ის.

ბევრი ჩვენგანი ერთადროულად რამდენიმე ელექტრომოწყობილობის გამოყენებისას მათ ელექტროგამაგრძელებელზე აერთებს, თუმცა უსაფრთხოების ნორმების დაცვა აქაც აუცილებელია. პროფესორი გვირჩევს, რომ ელექტროგამარძელებლის კორპუსზე დატანილ სიმძლავრეს დავაკვირდეთ, რომელიც ერთეულ ამპერშია მოცემული და მისი შესაბამისი სიმძლავრით ვამუშაოთ, რაც გართულებებს თავიდან აგვარიდებს. 

"ელექტროგამაგრძელებლებს აწერია, ქსელიდან რა ელექტროენერგიას მოიხმარს, შესაბამისად, მასში შეერთებული ელექტროხელსაწყოების სიმძლავრე ან მათი ჯამური სიმძლავრე გამაგრძელებლის კორპუსზე მითითებულ სიმძლავრეს არ უნდა აღემატებოდეს.

პრობლემა ისაა, რომ ჩვენს ბაზარზე იყიდება გამაგრძელებლები, რომლებიც ვიზუალურად ხარისხიანი ნივთის შთაბეჭდილებას ტოვებენ, თითქოს კაბელიც კარგი სისქისაა ან საიმედოა, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, უხარისხოა, იმაზე მაღალი სიმძლავრე აწერია, ვიდრე რეალურად უძლებს. ასეთი ელექტროგამაგრძელებლების შემოწმება მარტივად შეგვიძლია: როგორც კი ჩავრთავთ, ცოტა ხნის შემდეგ უნდა გამოვრთოთ და ძალიან ფრთხილად შევამოწმოთ, სადენი ხომ არ გათბა, რაც იმის ნიშანია, რომ უხარისხო ელექტროგამაგრძელებელი ან ელექტროგამანაწილებელი შეიძინეთ,"-აღნიშნავს თემურ ხუნდაძე.

ასევე, ე.წ დამცავი ავტომატური გამთიშველის საშუალებით ქსელს მოკლე ჩართვისგან დავიცავთ, ამიტომ პროფესორის თქმით, კერძო სახლში რამდენიმე, ხოლო ბინაში ერთი მაინც უნდა გვქონდეს, - "ეს ავტომატი აუცილებლად არაუმეტეს იმ დასაშვები ნორმებისა უნდა იყოს, ეს არის 63-100 ამპერი. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ძალიან დიდი ამპერაჟის მოწყობილობას აყენებენ, რომელიც ამის გამო ქსელს მოკლე ჩართვისგან უკვე ვეღარ იცავს, რადგან თუ შენობაში მოკლე ჩართვა მოხდა, ამ ავტომატმა ელექტროენერგია უნდა გათიშოს, ხოლო თუ ის ძალიან დიდი სიმძლავრისაა, ელექტროენერგიას აღარ თიშავს, ელექტროგამტარი აალდება და ხანძარი ჩნდება," - განმარტავს ის.

იმ შემთხვევაში თუ ქსელში მაღალი ძაბვაა და მოკლე ჩართვა ხდება, სახლში კი ბავშვები ან ცხოველები გყავთ, რომლებიც შესაძლოა დაზიანებულ კაბელებს გაუცნობიერებლად შეეხონ, რასაც ხანდახან ფატალურ შედეგამდე მივყავართ, ამ პრობლემას თავიდან კიდევ ერთი მოწყობილობა აგაცილებთ, ეს არის ე.წ დიფერენციალური დაცვის აპარატი, რომელიც ადამიანის ან ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის გამტარზე შეხებისას ელექტროენერგიას მაშინვე თიშავს, მისი შეძენა კი ხელმისაწვდომ ფასად, 50 ლარად შეგიძლიათ.

ე.წ გადაძაბვისგან დამცავს კი თქვენი ტექნიკა გადაწვისგან შეუძლია დაიცვას, - "ხანდახან ენერგომომარაგების კომპანია იმაზე მეტ ძაბვას გვაწვდის, ვიდრე დასაშვებია. საქართველოში ნორმით დასაშვები ქვედა ზღვარი 187 ვოლტია, ხოლო ზედა ზღვარი - 242 ვოლტი, თუმცა ხანდახან 250-300 ვოლტიც მოგვეწოდება, ამ შემთხვევაში კი ჩვენს ტექნიკას გადაწვისგან გადაძაბვის აპარატის გარდა ვერაფერი იცავს. როგორც კი ის დააფიქსირებს, რომ ძაბვა ქსელიდან ნორმებს ქვემოთ ან ზემოთ გავიდა, ქსელს მომენტალურად გათიშავს, " -განმარტავს პროფესორი და აღნიშნავს, რომ გადაძაბვის აპარატის ღირებულებაც დაახლოებით 50 ლარია.

თემურ ხუნდაძის თქმით, სიფრთხილე ზოგიერთ ტექნიკურ საშუალებებთანაც უნდა გამოვიჩინოთ, განსაკუთრებით კი მათთან, რომელთაც მეტალის კორპუსი აქვთ, -"ასეთია, მაგალითად, მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა და ა.შ. განსაკუთრებით საფრთხისშემცველი ის მოწყობილობებია, რომლებიც კონტაქტში წყალთან შედიან. სწორედ ამიტომ ასეთ ტექნიკურ საშუალებებს ცალკე სპეციალურად გაკეთებული დამიწება აქვთ, რომელიც ადამიანს დაზიანებისგან იცავს. მაგალითად, თუ აპარატში რაიმე დაზიანდა და ძაბვა კორპუსზე გადავიდა, დამიწება ძაბვას კორპუსიდან მოხსნის და მიწაში გაუშვებს, ანუ ადამიანი აღარ დაზარალდება," - განმარტავს თემურ ხუნდაძე.

პროფესორი ასევე აღნიშნავს, რომ დამიწებისთვის გაყვანილობები საბჭოთა პერიოდში აშენებულ კორპუსებში არ გვხვდება, ახალ აშენებულ კორპუსებში კი ძირითად შემთხვევებში გათვალისწინებულია,

"საქართველოში არსებულ ენერგოსისტემას თან დამიწება არ ახლავს,"-აღნიშნავს ის.

პროფესორი გირჩევთ, რომ რეკომენდაციები აუცილებლად გაითვალისწინოთ, რათა უსაფრთხოდ იცხოვროთ.

მარიამ მენაბდიშვილი