საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია | Allnews.Ge

საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია

10 თებერვალს დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, მას ბრალად მაღალი სასულიერო იერარქიის პირის მკვლელობის მომზადება ედება, შესაბამისად, საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით აღიძრა.

საქმის გახმაურების შემდეგ, თავდაპირველად, პატრიარქის, შემდეგ კი პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის ვერსია ვრცელდებოდა.

"ციანიდის საქმის" შესახებ პირველადი ინფორმაცია, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერიდან გახდა ცნობილი. 12 თებერვალს, წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დააპატიმრეს, თუმცა ბრალდების შესახებ პროკურატურას ინფორმაცია ჯერ არ ჰქონდა გავრცელებული.

13 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ "ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან განმარტა, რომ გამოძიება, მოწმის ჩვენების საფუძველზე 2 თებერვლიდან მიმდინარეობდა. საქმის გახმაურების შემდეგ, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის დაცვის უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა, გერმანიაში პატრიარქის დაცვა გააძლიერა.

თავდაპირველად, "ციანიდის საქმეზე" ინფორმაციის გაჟღერების უფლება მხოლოდ ბრალდების მხარეს მიეცა, რადგან გიორგი მამალაძის ადვოკატებს ხელი გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინეს, თავად ბრალდებული კი დუმილის უფლებით სარგებლობდა. მოგვიანებით, მამალაძეს ახალი ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი დაენიშნა, რომელსაც გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელი ამ დრომდე არ აქვს მოწერილი.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი - ბრალდებაში შორენა თეთრუაშვილის მკვლელობაზეა საუბარი

16 თებერვალს, ბერლინის საავადმყოფოდან კომენტარი, ვიდეომიმართვის სახით, პატრიარქმა გააკეთა და განაცხადა, რომ დეკანოზისგან მას კარგის მეტი არაფერი ახსოვს.

19 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრიარქის კომენტარი დამონტაჟებული იყო, სრული ვერსია კი ტელეკომპანია "ობიექტივმა" გაავრცელა.

"…სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა და გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია. ოპერაცია კარგად დამთვარდა, კარგი შედეგებია, ექიმები იტყვიან ამის შესახებ. მე ასევე მინდა შევეხო იმ უცნაურ და არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის, უკვე კარგა ხანია, და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან.

რა მოხდა? რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან მეორეს? ვისი დავალებით ხდება ეს?

…ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება,"- განაცხადა საქართველო კათალიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ ვიდეომიმართვაში.

"რუსთავი 2" წერილს ავრცელებს, რომელიც სავარაუდოდ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პატრიარქს მისწერა

ამავე პერიოდში ცნობილი გახდა, რომ საქმის მთავარი მოწმე ჟურნალისტი ირაკლი მამალაძეა, რომელმაც ვიდეოჩანაწერი პროკურატურას მიაწოდა. ირაკლი მამალაძის ინფორმაციით, გიორგი მამალაძე მას ციანიდის შოვნაში სთხოვდა დახმარებას.

"მომდევნო შეხვედრებზე დავრწმუნდი, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა დანაშაულებრივ განზრახვას

(მამა გიორგი ამ საქმეში დახმარების სანაცვლოდ მპირდებოდა საერო თანამდებობას საპატრიარქოში). როდესაც ჩემს მეგობრებს გავუზიარე ეჭვები იმ სავარაუდო პირებზე, რომელთა წინააღმდეგაც, შესაძლოა, მზადდებოდა დანაშაული, მირჩიეს, ეს ინფორმაცია აუცილებლად გამეცნო სამართალდამცავი ორგანოებისთვის, თუმცა მაშინ კატეგორიული უარი განვაცხადე. მეორე თუ მესამე დღეს ჩემს ტელეფონზე მამა გიორგიმ დამირეკა და ისეთი რაღაც მითხრა, რომ ნამდვილად მქონდა პერსპექტივა, გავმხდარიყავი მძიმე დანაშაულის თანამონაწილე. ეს ის დღე იყო, როცა პატრიარქი გერმანიაში გაფრინდა. მამა გიორგიმ მითხრა, რომ "ის" სასწრაფოდ სჭირდებოდა, რადგან პატრიარქი გერმანიაში გაფრინდა და თავადაც აპირებდა ჩასვლას,"-განმარტა მან მოგვიანებით.

ირმა ჭკადუა ირაკლი მამალაძის მიერ მოპოვებულ აუდიოჩანაწერზე კომენტარს აკეთებს

"ციანიდის საქმის" კიდევ ერთი მოწმე ირმა ჭკადუაა, რადგან ირაკლი მამალაძემ მას და საქმის კიდევ ერთ მოწმეს, ლილი გელაშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ ინფორმაცია პერსონალურად მიაწოდა. ირმა ჭკადუა საპროკურორო საბჭოს წევრია. მან ასევე განაცხადა, რომ "ციანიდის საქმის" ფარულ ჩანაწერებში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ერთად კიდევ ორი ადამიანი, სავარაუდოდ, სასულიერო პირები ფიგურირებენ.

"როდესაც ფარულ ჩანაწერებში საუბრის შინაარსი მოვისმინე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სამივე პირი იყო თანამზრახველი.

ამ საუბრის მონაწილეებს შორის ერთ-ერთია დეკანოზი გორგი მამალაძე. დანარჩენი ორიც, სავარაუდოდ, სასულიერო პირია",-განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებულ გიორგი მამალაძეს ჯანმრთელობის პრობლემა დაკავების შემდეგ რამდენჯერმე შეექმნა, საბოლოოდ, ის ჩაფიძის გულის კლინიკიდან ე.წ მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.

ბრალდებულს რამდენჯერმე შეხვდა სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ დეკანოზის ოთახში ვიდეომონიტორინგი მიმდინარეობს და გიორგი მამალაძის მიერ მიწოდებული ინფორმაცია წინააღმდეგობაში მოდის გამოძიების ოფიციალურ ვერსიასთან.

სოსო ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ ის შესაძლოა დააკავონ

რამდენიმე დღის წინ პატრიარქის ყოფილი მდივნის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, პატრიარქის დაცვის უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა, რაც, თავად სოსო ოხანაშვილმა მოგვიანებით უარყო. თუმცა, "რუსთავი 2-მა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოსო ოხანაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, პატრიარქის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებდა.

მოგვიანებით, თანამდებობა დატოვა პატრიარქის მდივანმაც.

მიქაელ ბოტკოველის თქმით, ის თანამდებობას არ დაუბრუნდება და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაიკავებს პატრიარქის დაცვის სამსახურის თანამდებობას. ასევე, პატრიარქის ყოფილმა მდივანმა განაცხადა, რომ "სოსო ოხანაშვილი ნაძირალაა და შეიძლება ცდილობს, საზოგადოებას მოახვიოს აზრი, თითქოსდა ფიზიკურად გამისწორდა."

სოსო ოხანაშვილი ამჟამად პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობას აღარ იკავებს.

ოხანაშვილის თქმით, ამჟამად, მისი "ციანიდის საქმესთან" დაკავშირების მცდელობები მიმდინარეობს. მისი განცხადებით, გიორგი მამალაძე არ ჰგავს ადამიანს, რომელსაც ვინმეს მოკვლა შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ "ციანიდის საქმის" გახმაურების შემდეგ, მეუფე პეტრე (ცაავა) პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განუსაზღვრელ ძალაუფლებაზე ალაპარაკდა. მისი თქმით, შორენა თეთრუაშვილი "რუხი კარდინალია," რომელიც პროცესებს მართავს.

განცხადებამდე კი "რუსთავი 2-მა" გამოაქვეყნა წერილი, რომელიც ბრალდებულმა მამალაძემ პატრიარქს სავარაუდოდ, რამდენიმე თვის წინ მიწერა. წერილში ის საპატრიარქოში ფინანსურ აუდიტს ითხოვს და ბუნდოვანი ბიზნესების შესახებ საუბრობს, რომლებიც, სავარაუდოდ, შორენა თეთრუაშვილს უკავშირდება. ბრალდებებზე კი მდივან-რეფერენტმა ასე უპასუხა,-"ეს მე არ მეხება, სხვა ადამიანზე ლაპარაკობს."

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ შორენა თეთრუაშვილი მზადაა, გამოძიებას ჩვენება მისცეს.

შორენა თეთრუაშვილი წაყენებულ ბრალდებებზე პირველ კომენტარს აკეთებს

ამჟამად, ე.წ მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც მეუფე პეტრემ დღეს განაცხადა, მამა გიორგის ციანიდი საპატრიარქოს ერთ-ერთმა გავლენიანმა პირმა, მისი ნათესავი ოქრომჭედლისთვის სთხოვა.

"მამა გიორგი მამალაძეს საპატრიარქოს ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანი რამდენიმე ხნით ადრე სთხოვს, რომ მისი ნათესავი ოქრომჭედლისთვის, რომელიც ცხოვრობს უკრაინაში, სჭირდება ციანიდი, რომელიც გამოიყენება ოქროს გადამუშავებაში. მიუთითებს მის ახლობელზე, რომელიც საყდრისში მუშაობს, ასევე ოქროსთან აქვს შეხება და აქედან იწყება მამა გიორგისთან ჩართულობა. როდესაც ის ეძებს ციანიდს, აქ უკვე იწყება მსტოვრის ჩართულობა,"-განაცხადა მან.

"ციანიდის საქმეზე" გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, როდის და როგორ დასრულდება ის და როდის ნახავს დღის სინათლეს საზოგადოებისთვის უცნობი დეტალები.

 

მარიამ მენაბდიშვილი