დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაშია მოთავსებული | Allnews.Ge

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაშია მოთავსებული

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაშია მოთავსებული. თვითმხილველების ცნობით, დაკავებული სასულიერო პირი ჩაფიძის გულის ცენტრში ბადრაგების თანხლებით მიიყვანეს.

როგორც ცნობილია, გუშინ მისმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძეს უკვე მეოთხე დღეა აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და პერიოდულად აქვს წნევის პრობლემა.

"უტარდება შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა. სამედიცინო კუთხით ციხის ადმინისტრაციასთან პრობლემები არ აქვს, ვინაიდან, რაც შესაძლებელია, ყველანაირი მკურნალობა უტარდება, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე მეოთხე დღეა არ დასტაბილურებულა", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

დეკანოზ გიორგი მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ზაზა ლაზარაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, დეკანოზი კლინიკაში სინკოპეს (გონების კარგვის) დიაგნოზით არის შეყვანილი, მიმდინარეობს დაავადების აღმოფხვრის შესაბამისი ღონისძიებები. ლაზარაშვილის განცხადებითვე, პაციენტი კონტაქტურია და მასთან მხოლოდ ადვოკატების შეშვება მოხერხდა.

"პაციენტი შემოყვანილია გონების კარგვის დიაგნოზით. მისივე გადმოცემით, ეს არ არის პირველი შემთხვევა. გიორგი მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უტარდება პროტოკოლით გაწერილი ღონისძიებები. მნახველების შეშვება არ ხდება, ვინაიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან არის გადმოყვანილი. მასთან მხოლოდ ადვოკატები შევიდნენ.

როდის მოხდება მისი კლინიკიდან გაწერა, ჯერჯერობით ამაზე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან რიგი ღონისძიებებია გასატარებელი. ხვალ, 12:00 საათზე გაკეთდება განცხადება და მოგაწვდით მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას", - განაცხადა ექიმმა, ზაზა ლაზარაშვილმა.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით კი, მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ციხის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება მისი კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ის მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული.

myquiz