დიდთოვლობის გამო, ხულოში 6 სკოლასა და 12 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა | Allnews.Ge

დიდთოვლობის გამო, ხულოში 6 სკოლასა და 12 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა

ხულოში დიდთოვლობის გამო 6 საჯარო სკოლასა და 12 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა. დაბა ხულოში თოვლის საფარი 1 მეტრს აჭარბებს, დაბის მიმდებარე სოფლებში - 2 მეტრს, ხოლო ზემო სოფლებში 3 მეტრს აღწევს.

როგორც ხულოს რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ მიქელაძემ განაცხადა, სკოლები გაცდენილ საათებს შაბათი დღის ხარჯზე აანაზღაურებენ.

"მუნიციპალიტეტში სულ 49 საჯარო და 1 კერძო სკოლაა, დიდთოვლობის გამო 6 საჯარო სკოლაში შეწყდა სასწავლო პროცესი. თაგოს, ზემო ვაშლოვანის, ქედლების, ირემაძეების, სხალთისა და წაბლანის საჯარო სკოლებში სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები ადგილზე მივიდნენ, თუმცა მოსწავლეების გამოუცხადებლობის გამო, სასწავლო პროცესი ჩაიშალა. გაცდენილ საათებს ავანაზღაურებთ შაბათი დღის ხარჯზე", - განაცხადა ედუარდ მიქელაძემ.

როგორც ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი რიჟვაძემ განაცხადა, მუნიციპალიტეტის 13 საბავშვო ბაღიდან სააღმზრდელო პროცესი მხოლოდ ერთ ბაღში მიმდინარეობს.

"სულ 13 ბაღი გვაქვს, დღეს მუშაობს მხოლოდ ერთი, სოფელ კვატიის საბავშვო ბაღი. ამ ბაღის მიმდებარედ ცხოვრობენ ოჯახები, გაკვალეს გზა და მიიყვანეს ბავშვები ბაღში. ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ, მსგავსი უხვთოვლობის დროს ბავშვები არ მიიყვანონ ბაღებში", - განაცხადა ირაკლი რიჟვაძემ.

მაღალმთიან აჭარაში ისევ თოვს.

myquiz