დედა სიდონიას განცხადებით, მის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებები ვრცელდება | Allnews.Ge

დედა სიდონიას განცხადებით, მის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებები ვრცელდება

დედა სიდონიას განცხადებით, მის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებები ვრცელდება და ასეთი სახის წერილი პირადადაც გაუგზავნეს. როგორც დედა სიდონიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, ასეთი მუქარის შემცველი წერილები "რუსთავი 2"-ის ეთერში სამშაბათს გაკეთებული განცხადებების შემდეგ მიუვიდა.

დედა სიდონია აპირებს სამართალდამცველ ორგანოებსაც მიმართოს.

მან სატელეფონო ჩართვისას მისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსიც წაიკითხა:

"ხომ არ ფიქრობთ, რომ აჩქარდით, ნამდვილად არასასიამოვნო და არადამაჯერებელი განცხადებები გააკეთეთ და სად? რუსთავი 2-ის ეთერში. ტელევიზია, რომელიც ... და აქ არის "რუსთავი 2"-ის შესახებ ლანძღვა. შეგახსენებთ, რომ ქვეყანა ინგრევა და სიდონიას არ მოსწონს ხელისუფალნი, აუცილებლად გინახულებთ და ამიხსნით ყველაფერს რა, რატომ? დღეს ეკლესიაში ყველა თქვენზე საუბრობდა, რომ არ უნდა განსაჯო და პირიქით, რომ ვაი, უბედურო საქართველო, საით მიდიხარ. პატრიარქის სიყვარულის გამო რომ დღესვე ვერ მოგინახულებთ, ტელეფონზე მიპასუხებთ იმედია ახლო მომავალში".

მისივე თქმით, გუშინ, მისი მხრიდან ემოციური განცხადებების გაკეთება გამოიწვია დეკანოზ გიორგი მამალაძის გაურკვეველ ვითარებაში დაკავებამ. "უამრავ კეთილგანწყობილ წერილს შორის დღეს ერთ-ერთ საიტზე გავრცელდა მუქარის შემცველი და ცილისმწამებლური განცხადება ჩემთვის უცნობი ადამიანისგან. მუქარის შემცველი წერილი მივიღე პირადადაც. კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას ჩემი ემოციური განცხადებების მიზეზს. რომ არა მამა გიორგის გაურკველ გარემოებაში დაკავება, უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა, მე საერთოდ მსგავს განცხადებას არ გავაკეთებდი. ვინაიდან ეკლესიის პრობლემებში სამართალდამცველები არიან ჩარეულნი, მივმართავ სამართალდამცველებს ჩემი დაცვის გარანტიისთვის", - განაცხადა დედა სიდონიამ.

myquiz