როგორ ეხმარებიან უნივერსიტეტები საკუთარ სტუდენტებს დასაქმებაში | Allnews.Ge

როგორ ეხმარებიან უნივერსიტეტები საკუთარ სტუდენტებს დასაქმებაში

98% – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, 95–99% – კავკასიის უნივერსიტეტი, 92% – თავისუფალი უნივერსიტეტი, 80% – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, 75% – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – უნივერსიტეტების მიერ მოწოდებული მონაცემები უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების დასაქმების დონეს აღნიშნავს. allnews.ge დაინტერესდა, თუ როგორ ეხმარებიან უნივერსიტეტები საკუთარ სტუდენტებსა თუ კურსდამთავრებულებს დასაქმებაში.

დასაქმებისა თუ პროფესიული განვითარების დეპარტამენტი თითქმის ყველა აღნიშნულ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს. გარდა ამისა, უნივერსიტეტებს ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ კომპანიებთან, რომლებიც კურსდამთავრებულებს აქტიურად ასაქმებენ.

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს დასაქმებისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტი. უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები სხვადასხვა წამყვან დამსაქმებელ კომპანიასთან, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ყოველწლიურად იმართება დასაქმების ფორუმი, რომელშიც ბაზარზე წამყვანი კომპანიები იღებენ მონაწილეობას.

ამის პარალელურად, IBSU-ში სტუდენტებისთვის რეგულარულად ტარდება სხვადასხვა ტრენინგ-სემინარი, სადაც ისინი სწავლობენ სამოტივაციო წერილის შედგენასა თუ დამსაქმებლებთან ინტერვიუ-მოლაპარაკებები წარმოებას. დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის უნივერსიტეტში შემუშავდა საღამოს სწავლების სალექციო განრიგი, რაც იმას ნიშნავს, რომ სწავლის პარალელურად, სტუდენტებს მუშაობის შესაძლებლობა ეძლევათ. ეს და სხვა აქტივობები განაპირობებს იმას, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 98% დასაქმებულია," – განმარტავს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დასაქმებისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი მაია სამქანაშვილი.

აგრარულ უნივერსიტეტს კურსდამთავრებულების დასაქმების საკმაოდ შთამბეჭდავი ზრდის მაჩვენებელი აქვს.

წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 122%-იანი ზრდა ფიქსირდება. უნივერსიტეტი გასულ წელს დაამთავრეს პირველად იმ სტუდენტებმა, რომლებმაც სრულად განახლებული პროგრამებით ისწავლეს. სტუდენტებთან და აბიტურიენტებთან ურთიერთობის კოორდინატორი, შაკო თავაძე აღნიშნავს, რომ მომავალში, აგარარულ ინივერსიტეტშიც დასაქმების ისეთივე მაღალ მაჩვენებელს ელოდებიან, როგორც ეს თავისუფალ უნივერსიტეტშია. აქ კი კურსადმთავრებულების 92% დამთავრებისთანავე საქმდება.

"უნივერსიტეტების დასაქმების ოფისი რეგულარულად უგზავნის ახალ-ახალ ვაკანსიებს შესაბამისი მიმართულებების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. ჩვენს მონაცემთა ბაზებში თავმოყრილია სხვადასხვა უნარების, გამოცდილების და ინტერესების მქონე პროფესიონალები, რომლებზეც, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს საკმაოდ დიდი მოთხოვნაა შრომის ბაზარზე. მეორეს, მხრივ დასაქმების ოფისს აქვს თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია კომპანიების დამფუძნებლებთან, დირექტორებსა და მენეჯერებთან, რაც უზურნველყოფს მათი საჭიროებებიდან გამომდინარე რეალური პრობლემებისა და გამოწვევების დაძლევისთვის ახალი ვაკანსიების გამოცხადებას.

ჩვენ ვატარებთ დასაქმების ფორუმებს ყოველ სემესტრში, სადაც კომპანიების წარმომადგენლები უნივერსიტეტში მოდიან რეალური ვაკანსიებით და აქვე უტარებენ გასაუბრებას ჩვენს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს," – განმარტავს თავაძე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტების კარიერული განვითარების ცენტრი რეგულარულად სთავაზობს სტუდენტებს ტრენინგებს დასაქმებისთვის აუცილებელი ზოგადი უნარების განვითარების მიზნით. კომპანიების ნაწილი თავად გამოთქვამს ინტერესს თსუ-ს სტუდენტებთან შესახვედრად, თუმცა სტუდენტებსაც აქვთ შესაძლებლობა დაასახელონ მათთვის საინტერესო დამსაქმებლები და ცენტრი დაგეგმავს შეხვედრებს უნივერსიტეტში ამ კომპანიების წარმომადგენლებთან.

ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი დასაქმების ფორუმის ორგანიზებაა.

"პერიოდულად ტარდება სხვადასხვა საფეხურის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და სტაჟირებაში ჩართულობის მაჩვენებლის კვლევა. სამწუხაროდ, კურსდამთავრებულებთან კომუნიკაცია უფრო რთულია, ამიტომ მაჩვენებლები, ცხადია, მიახლოებითია," – ამბობს სტუდენტების კარიერული განვითარების ცენტრის კოორდინატორი ხათუნა ცხადაძე.

"თუ განვაზოგადებთ იმ მონაცემებს, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მივიღეთ, შეიძლება, ვთქვათ, რომ დასაქმებულია თსუ-ს ბაკალავრიატის საფეხურის კურსდამთავრებულთა 50-60% და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა დაახლოებით 70-75 %. ეს მაჩვენებლები ძალიან განსხვავებულია სხვადასხვა ფაკულტეტის მიხედვითაც. ზოგ ფაკულტეტს დასაქმების ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს, ზოგს - უფრო დაბალი," – დაამატა ცხადაძემ.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორის ასისტენტის, ლიკა კაკაბაძის განმატებით, ისინი მუდმივად აწვდიან კურსდამთავრებულებს ვაკანსიებს. პარალელურად, ინსტიტუტს ხშრად მიმართავენ თავად ორგანიზაციები და დასაქმებისთვის კურსდამთავრებულთა მონაცემებს ითხოვენ.

"კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი ასე გამოიყურება: 26% -კერძო ბიზნესი, 28% - საჯარო სექტორი, 8% - არასამთავრობო ორგანიზაციები, 10% - საერთაშორისო ორგანიზაციები, 8% - მედია, 11% - სხვა (იგულისმება საზღვარგარეთ სასწავლებლად და სამუშაოდ წასულები, გარდაცვლილები და ა. შ.), 9% -დაუსაქმებელი," – განმარტავს კაკაბაძე.

კავკასიის უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიებთან, რაც სტუდენტებისა თუ კურსდამთავრებულების დასაქმების შესაძლებლობას უფრო ამაღლებს. კავკასიის უნივერსიტეტი მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობს JTI–თან, რაც ბიზნესის სკოლის სტუდენტებს 50 და 100%–იანი სემესტრული დაფინანსების მოპოვების საშუალებას აძლევს. ასევე, მემორანდუმის ფარგლებში, უკვე წლებია "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ყოველწლიურად აჯილდოვებს საგანში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე 3 საუკეთესო სტუდენტს და გამარჯვებულებს ფულად პრიზებთან ერთად, საშუალებას აძლევეს გაიარონ სტაჟირება ჰოლდინგში შემავალ რომელიმე კომპანიაში. საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ "BDO" კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის ჩაატარა აუდიტის 8 კვირიანი პრაქტიკული ტრენინგების სერია.

ტრენინგების შემდეგ, საუკეთესო მსმენელებმა მიიღეს შეთავაზება BDO-ში დასაქმების კუთხით.

"აღნიშნულის პარალელურად, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს უტარდებათ სემინარები, რომელსაც სხვადასხვა წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელები უძღვებიან. სემინარები დამსწრეებს რეზიუმეს წერის და გასაუბრების ტექნიკების შესწავლაში ეხმარება. ასევე, კავკასიის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კურსდამთავრებულთ დასაქმების სამსახური, რომლის მიზანია მათ სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციის საჯარო და ექსკლუზიური ვაკანსიები მიაწოდოს.

კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 95% დასაქმებულია, თუმცა მათ დასაქმების სამსახური მაინც აწვდის აქტიურ ვაკანსიებს. ვაკანსიების მიწოდებისას ხდება შესაბამისი სამიზნე ჯგუფის შერჩევა ორგანიზაციების მხრიდან მოთხოვნილი კრიტერიუმების გათვალისწინებით. დაინტერესებულ აპლიკანტებს საჭიროების შემთხვევაში ვაძლევთ რეკომენდაციებს და დამატებით ინფორმაციას ვაკანსიის შესახებ," – განმარტავს კავკასიის უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ შენგელია.

აღნიშნულ და სხვა აკრედიტებულ უნივერსიტეტებში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებითაა შესაძლებელი. ერთიანი ეროვნული გამოცებისთვის რეგიტრაციის პროცესი კი რამდენიმე კვირაში დაიწყება.

ნანა მღებრიშვილი

myquiz