რატომ გახდა საჭირო პატრიარქის უსაფრთხოების დაცვის გაძლიერება | Allnews.Ge

რატომ გახდა საჭირო პატრიარქის უსაფრთხოების დაცვის გაძლიერება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უსაფრთხოება დაცულია.

როგორც ანზორ ჩუბინიძემ ბერლინში ჟურნალისტებს განუცხადა, პატრიარქის უსაფრთხოების გაძლიეირების საჭიროება დღის წესრიგში არ იყო, თუმცა სდსს-მ მაინც ჩათვალა საჭიროდ უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა პირადად შეემოწმებინა.

"მე გერმანიაში ჩამოსვლას მაინც ვგეგმავდი პრემიერის მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით. ჩემი ჩამოსვლა შემთხვევითი არ იყო და გადავწყვიტე, აქაც მოვსულიყავი და ჩემი თვალით მენახა მდგომარეობა", - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

რაც შეეხება პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროს სოსო ოხანაშვილს, ჩუბინიძე ადასტურებს, რომ სოსო ოხანაშვილი გერმანიიდან თბილისში დაბრუნდა და პროკურატურაში დაიკითხა. მისივე თქმით, ოხანაშვილი ამჟამად უკვე ისევ ბერლინში იმყოფება.

"სჯობს, სოსომ გააკეთოს თვითონ კომენტარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მოიქცა, როდესაც ჩავიდა საქართველოში და დაეხმარა გამოძიებაში შესაბამის ორგანოებს. ვფიქრობ, ჩვენმა ჩამოსვლამ ხელი შეუწყო ამ სამსახურის სწორად ფუნქციონირებას აქ. სოსო განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში პატრიარქის უსაფრთხოებაზე ზრუნვას. მასთან ამ ეტაპზე არანაირი კითხვის ნიშანი არ არის", - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე 10 თებერვალს აეროპორტში დააკავეს. მამა გიორგი გერმანიაში პატრიარქთან მიემგზავრებოდა. კონკრეტულად რას უკავშირდება მისი აყვანა, უცნობია, ვინაიდან ოფიციალურ უწყებებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. არსებული ცნობით, საქმეს გრიფით "საიდუმლო" ადევს.

myquiz