გენმოდიფიცირებული პროდუქტის დადებითი და უარყოფითი მხარეები | Allnews.Ge

გენმოდიფიცირებული პროდუქტის დადებითი და უარყოფითი მხარეები

გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ისეთი ორგანიზმია, რომლის გენეტიკურ აპარატში ხელოვნურად ჩანერგილია გენი/გენები სხვა ორგანიზმიდან.

განსაზღვრული გენის ჩასმისას მცენარე იძენს საჭირო თვისებებს, მათ შორის მდგრადობა მავნებლების, პესტიციდების მიმართ. შედეგად სოფლის მეურნეობა უფრო მოსავლიანია და წარმოებაც იაფდება.

აღნიშნული თვალსაზრისით, მიზანი კეთილშობილურია. მაგრამ სინამდვილეში ასეა? დღეს გენომოდიფიცირების უარყოფით მხარეებზე უფრო მეტს საუბრობენ, ვიდრე დადებითზე. დისკუსიები გმ-ტექნოლოგიების საფრთხეებზე, სარგებელსა და კანონმდებლობაზე მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს.

მიდგომები განსხვავდება. ორად არის გაყოფილი ქვეყნების პოლიტიკა და სტრატეგიაც გენმოდიფიცირებული პროდუქტების მიმართ. შედარებით ლმობიერია აშშ, ბრაზილია და ჩინეთი, რომლებსაც გმ-მოსავლის დიდი ნაწილი მოჰყავთ. უფრო მკაცრია ევროკავშირი. ძლიერი აკრძალვები მოქმედებს ბულგარეთში 2010 წლიდან, ვენესუელაში 2004-დან, ეკვადორში 2008-დან.

არსებობს სრულიად განსხვავებული პროექტები, რომელთა მიზანი სრულიად კეთილშობილურია. მაგალითად, გენმოდიფიცირების მეშვეობით მიღებულია "ოქროს ბრინჯი", რომელსაც ჩვეულებრივი ბრინჯისგან განსხვავებით A ვიტამინის მაღალი შემცველობა აქვს. ჩანაფიქრი იმ ასეულობით ათასი ბავშვის გადარჩენაა, რომლებიც ყოველწლიურად იღუპებიან ვიტამინის ნაკლებობისგან აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში.

მიღებულია ისეთი მცენარეებიც, რომლებსაც გარემოს მავნე ნივთიერებებისგან გაწმენდა შეუძლია. გამოყენების ფართო სპექტრის გამო, მწარმოებელი კომპანიების გარდა, გმ-ტექნოლოგიების განვითარებაში ჩართული არიან მეცენატებიც, მათ შორის, მაიკროსოფტის დამფუძნებელი ბილ გეიტსი.

თუმცა, გენმოდიფიცირებულ პრიდუქტებს მოწინააღმდეგე მომხრეზე მეტი ჰყავს.

"დაგროვებულია საკმაო რაოდენობის მონაცემი, რომლებიც მიუთითებს გენური ტექნოლოგიით მიღებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესაძლო მავნებლობაზე," - განმარტავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოორგანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი რამაზ გახოკიძე.

"თითოეულ ორგანიზმში მუშაობს 50 ათასზე მეტი გენი, რომელთაგანაც შედარებით შესწავლილია 200-300. ყველა გენი ერთმანეთთან ურთიერთმოქმედებს. ჩასმული უცხო გენი არა მარტო თავისთვის მუშაობს, არამედ ცვლის სხვა გენების მუშაობას. დღეს ეს პროცესი არ არის შესწავლილი და ყველა მოსალოდნელი შედეგის განსაზღვრა შეუძლებელია. გენის ჩასმა დნმ-ის ჯაჭვში ხდება გადამტანი ბაქტერიების საშუალებით, მაგრამ წინასწარ შეუძლებელია იმის ზუსტად განსაზღვრა, თუ რომელ უბანში ჩაერთვება უცხო გენი," - დაამატა მან.

გახოკიძის განმარტებით, გენურმა ინჟინერიამ უაღრესად სახიფათო მიმართულება მიიღო. უკანასკნელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ გენმოდიფიცირებული სოია იწვევს ალერგიას ბავშვებში, რის გამოც ევროკავშირმა აკრძალა მისი გამოყენება ბავშვთა კვებაში.

"კიდევ ერთი საშიშროება არის ის, რომ ჩასმული უცხო გენი შეიძლება გადავიდეს ნაწლავის მიკროფლორაში. შედეგად ნაწლავები შეიძლება მდგრადი აღმოჩნდეს ანტიბიოტიკების მიმართ. მეცნიერების მიერ ჩატარებული მრავალრიცხოვანი გამოკვლევებით ნაჩვენებია, რომ გენმოდიფიცირებული საკვების გავლენით ცხოველები სწრაფად ბერდებიან, აქვთ სუსტი იმუნიტეტი, უვითარდებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის, ელენთის და თავის ტვინის ანომალიები, არ შეუძლიათ ჯანმრთელი შთამომავლობის გაჩენა და ანომალურად მაღალია სიკვდილიანობა," - განმარტავს გახოკიძე.

გენმოდიფიცირებული კულტურები უარყოფით გავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნებაზე.

მაგალითად, ჭიამაიები, რომლებიც იკვებებოდნენ გენმოდიფიცირებული კარტოფილის მატლებით, უნაყოფონი გახდნენ. მართალია, გენმოდიფიცირებული კარტოფილისგან, რომელშიც მორიელის ან გველის გენია შეყვანილი, კოლორადოს ხოჭო იღუპება, მაგრამ შენახვისას ასეთი კარტოფილი ლპება.

მსოფლიოში პირველი გენმოდიფიცირებული პროდუქტი - პომიდორი, რომელიც ნელა მწიფდება 1994 წელს გამოჩნდა. 1996 წელს, საქართველოში სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობით, შემოიტანეს ტრანსგენური კარტოფილი. 1997 წელს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წინააღმდეგობის მიუხედავად, ასეთი კარტოფილი მაინც დათესეს. თუმცა, მოსავალი დაიღუპა. კარტოფილს გაუჩნდა სოკო და ვერ შეეგუა ადგილობრივ კლიმატს.

რამდენიმე წლის წინ საქართველო "კარტახენის ოქმს" შეუერთდა. ეს არის ბიოუსაფრთხოების ევროპული კონვენცია, რომელიც ქვეყანას ავალდებულებს, საკვები პროდუქტების მარკირება გააკეთოს. თანამედროვე ბიოტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებული სურსათი, რომლის შემადგენლობაში გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები სურსათის საერთო მასის 0,9 პროცენტზე მეტია, ექვემდებარება ეტიკეტზე სავალდებულო აღნიშვნას. გენმოდიფიცირებული პროდუქციის მოწინააღმდეგები აცხადებენ, რომ საქართველო უნდა გახდეს ე.წ. "დახურული ტერიტორია", სადაც გენმოდიფიცირებული პროდუქტების არც მოყვანა და არც მოხარება უნდა ხდებოდეს. ასეთი ცენტრები ევროპაში უკვე არსებობს, სადაც ბევრად მკაცრი შეზღუდვებია შემოღებული.

კანონის არსებობის მიუხედავად, საქართველოში გენმოდიფიცრებული პროდუქციის აღნიშვნა არ ხდება. კომპანიების მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ხდება მხოლოდ იმის მითითება, ესა თუ ის პროდუქტი რომ არ შეიცავს გნმ ნივთიერებებს. მომხმარებლისთვის გენმოდიფიცრებულის არაგენმოდიფიცირებულისგან გარჩევა კი საკმაოდ რთულია.

"გენმოდიფიცირებული ჯიშების სტანდარტიზაცია ძალიან რთული საკითხია. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ინგრედიენტების განსაზღვრა გემოთი და სუნით შეუძლებელია. ყურადღება უნდა მიექცეს პროდუქტის გარეგნულ სახეს: სტანდარტული, ზუსტად ერთნაირი, ყოველგვარ ნაკლს მოკლებული პროდუქტი პირდაპირ მიუთითებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობაზე. მაგალითად, თუ სოიას შედგენილობაში შედის მცენარეული ცილა, ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ იგი გენმოდიფიცირებულია.

გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ინგრედიენტებს, პრაქტიკულად, უკვე ყველა სახეობის საკვებში უმატებენ: ნახევარფაბრიკატებში, ძეხვებში, საკონდიტრო და რძის ნაწარმში, ნაყინში, ჩიფსებში, სწრაფი მოხმარების პროდუქტებში, მაიონეზში, სოუსებში, გაზიან სასმელებში. ტრანსგენურ კომპონენტებს შეიცავს "ნესტლეს", "სიმილაკის" და "დანონის" კომპანიების პროდუქტები, "მარსი", "სნიკერსი", "ტვიქსი", "კოკა-კოლა", "სპრაიტი", "ფანტა".

ნანა მღებრიშვილი

myquiz