თბილისში, ტაქსებზე რეგულაციები სავარაუდოდ, მიმდინარე წელს შევა ძალაში | Allnews.Ge

თბილისში, ტაქსებზე რეგულაციები სავარაუდოდ, მიმდინარე წელს შევა ძალაში

თბილისში, ტაქსებზე რეგულაციების დაწესება იგეგმება, რომლებიც მძღოლების ნასამართლეობის, ნარკოლოგიისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას გულისხმობს. გარდა ამისა, განისაზღვრება ავტომობილის კონკრეტული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მგზავრების ტრანსპორტირების ნებართვა გაიცემა, - ამის შესახებ Allnews.ge-ს თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ვინც აღნიშნულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს, ნებართვის საფუძველზე, მგზავრების მომსახურების საშუალება მიეცემა. თუმცა, აღნიშნული რეგულაციების შესახებ დოკუმენტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

"თბილისის მერის პოზიციაა, რომ ტაქსებზე რეგულაციები დაწესდეს.

ტაქსების ბაზარი დღეს არაორგანიზებულია და გარკვეულ რეგულაციებს ვამზადებთ, რათა უსაფრთხოების ნომრები დაცული იყო. როდესაც ტაქსების რეგულაციასთან დაკავშირებით კონკრეტული პროექტი გვექნება, საზოგადოებას მაშინ გავაცნობთ. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი მიმდინარე წელს წარვადგინოთ და მისი განხორციელების ვადებიც განვსაზღვროთ,"-განმარტავს ის.

ამ ეტაპზე თბილისში, როგორც ტაქსის კომპანიები, ისე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით თვითდასაქმებული პირები ოპერირებენ და ამ მხრივ შეზღუდვები არ არსებობს.

 

მარიამ მენაბდიშვილი